სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სოციალურ სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად ნაბიჯები გადადგან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
„სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოციალური (ე.წ. საპენსიო) სესხების საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვა. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სოციალური სესხების მომხმარებლებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პირები, ღატაკი ოჯახები, ვეტერანები, დევნილთა სტატუსის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები და იმ სახელმწიფო დახმარებების მიმღები სხვა პირები წარმოადგენენ, რომელთა ძირითადი დანიშნულება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ღირსეული სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, მათი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფაა. ამასთან, მოსახლეობის ამ ნაწილს სწორედ სახელმწიფო დახმარებებით უწევს სესხის დაფარვა. ხოლო, საპროცენტო განაკვეთის დადგენილი ოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები სოციალურ სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირების მიზნით“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
სახალხო დამცველის სრული განცხადება იხილეთ ბმულზე