2 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი სტუმრობდა, რომელმაც პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზე ისაუბრა.
– ქრისტინე, დიდ ხნის მანძილზე მალავდი საკუთარ ორსულობას, რატომ გადაწყვიტე ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის გასაიდუმლოება?
– პანდემიამ ძალიან მძიმე სიტუაცია შექმნა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ყურადღება სხვა საკუთხებზე გვქონდა გადატანილი, ამიტომ საკუთარი მდგომარეობის აფიშირებას მოვერიდე.
– როგორ შეატყობინეთ მეუღლეს, რომ მალე მშობლები გახდებოდით?
– რა თქმა უნდა, ორსულობის დადასტურების შემდეგ პირველ რიგში, მეუღლისთვის უნდა მეცნობინებინა. ვიცოდი, რომ მსგავსი სიახლე ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნებოდა, თუმცა მაინც გადავწყვიტე რაიმე ორიგინალურის მოფიქრება. ოჯახს ვახშამზე მოვუყარე თავი, ივანეს კი, კონვერტი მივაწოდე წერილით რომელზეც ბავშვი ეხატა სიტყვებით: „მამა, ველოდები შენთან შეხვედრას!“ და ვუთხარი, რომ მისთვის სიურპრიზი მქონდა. ისე ემოციურად მიიღო, ცოტა შევშინდი ზედმეტი ხომ არ მომივიდა.
– რამდენადაც ვიცი, დამოუკიდებლად უვლი პატარას. რამდენად რთულია ბავშვის გაზრდა?
– ბავშვის გაზრდაში იოანე და ოჯახის წევრები მეხმარებიან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული საქმეა ან რაიმე განსაკუთრებული სჭირდება ჩვენს პატარს, რადგან ზუსტად ისეთივე მოთხოვნილებები და საჭიროებები აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს. ბაგრატი უკვე ორი კვირისაა, ყოველდღე იცვლება და ძალიან გვაოცებს. მართლაც არაჩვეულებრივი გრძნობაა დედობა, მით უფრო, რომ პირველი შვილია ჩვენთვის და ყველაფერს მასთან ერთად ვსწავლობთ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ივანეს დედა ვერ ახერხებს ჩამოსვლას და შვილიშვილის გაცნობას, რასაც ძალიან განიცდის.

– რატომ დაარქვით ბაგრატი?
– სახელი ბაგრატ მესამის პატივსაცემად დავარქვით. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ბიჭს აუცილებლად ბაგრატს დავარქმევდით, გოგონასთვის სხვა სახელი გვქონდა მოფიქრებული, თუმცა არ გავამხელ და ამასაც საიდუმლოდ შევინახავ.
– ძალიან ბევრს მუშაობ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილის პოსტზე, რადგან სხვა სფეროების მსგავსად ტურიზმსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა
– გეთანხმებით, პანდემიის გამო ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვახორციელებდით აჭარის და სრულიად საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით, რაც პირველ რიგში უცხოელი ტურისტების შემოდინებაზე აისახებოდა. 2019 წელს რეკორდული რაოდენობის – 9 მილიონზე მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ. საქართველოში ტურიზმი სხვა დარგებზე სწრაფად განვითარდა და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, სტაბილურ სფეროდ ჩამოყალიბდა, სადაც არავინ უფრთხოდა მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას. თუმცა, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. მართალია, თავიდან ცოტა დავიბენით, მაგრამ ახლა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ფეხდაფეხ მივყვებით ყველა ცვლიელბას და შესაფერის მომენტს ველით გააქტიურებისთვის. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან რთულია სიახლეებსა და მომავლის გეგმებზე საუბარი, თუმცა ჩვენმა დეპარტამენტმა, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეებისთვის კარანტინის უზრუნველყოფითაა დაკავებული, მაინც მოახერხა აჭარის განსხვავებული – გასტრონომიული კუთხით პოპულარიზაცია, რამდენიმე არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი გავაკეთეთ და მოუთმენლად ველით მსოფლიოსთვის მათ წარდგენას.
