სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა შიდა ქართლი. დავითაშვილის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით 38 ათასი ჰექტარია დაზიანებული.
შეგახსენებთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გლეხები დაზარალდნენ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი.