„მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ სასამართლოს ითვალისწინებდა, მთავრობა სასამართლოს დამოუკიდებლობას და პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში მის მიუკერძოებლობას პატივს არ სცემდა“, – ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, „მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა“.
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, დაბალია ნდობა, რომ სასამართლო სისტემა ხელისუფლების არასათანადო გავლენისგან თავისუფალია.
სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვას განაგრძობდნენ.
მათ პრობლემებზე მიუთითეს, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება, რომელთაც სავარაუდოდ, სასამართლო სისტემაში კრიტიკული ხმა დაახშეს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების წინადადებებს ხელი შეუშალეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ჯგუფს „კლანი“ უწოდეს. სხვა პრობლემებთან ერთად მათ ხაზი გაუსვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენას ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემის მანიპულირებაზე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობასა და იუსტიციის უზენაესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში ხარვეზებს.
ზოგიერთმა ყოფილმა და მოქმედმა მოსამართლემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მაღალი რანგის მოსამართლეების მხრიდან ზეწოლა განიცადეს, რათა კონკრეტულ საქმეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მიეღოთ. 2013 წლიდან სასამართლო რეფორმისა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ოთხი ტალღის გაანალიზებისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო რეფორმები არაეფექტური იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებების დიდი უმრავლესობა განუხორციელებელი დარჩა ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭებინა, რომ საქართველო განახორციელებს ცხრა რეფორმას, მათ შორის სასამართლოს ეფექტურ რეფორმას, განსაკუთრებული აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე კეთდება“. – ნათქვამია ანგარიშში.