ეკონომიკის სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. უწყების გადაწყვეტილებით, ამჟამად თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გახდა International Event-ის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა და მართვის საზღაურის გადაუხდელობა.
ცნობისთვის, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი 49-წლიანი მართვის უფლებით შპს International Event-ს 2007 წელს გადაეცა.