სახელოსნო „სოკომორო“ , რომელიც ორიგინალურ ხელნაკეთ სათამაშოებს ქმნის, გაფართოებასა და ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. როგორც „ფორტუნას“ სახელოსნოს დამფუძნებელმა მარიამ ბოლქვაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე „სოკომორო“ რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ის რომ ე.წ გიგანტი კომპანიები ინტერესდებიან ჩვენი საქმიანობით და „სოკომოროსთან“ ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ, უკვე დიდი წარმატება. ეს ყველაფერი კი ჩვენი ცნობადობის გაზრდაზე მიანიშნებს“, – აღნიშნა მარიამ ბოლქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, „სოკომოროს“ სახელოსნო ერთადერთია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ბავშვის ნახატის მიხედვით უნიკალური სათამაშოს შექმნას სთავაზობს.
„ჩვენს სათამაშოებში მეორდება ყველა ის დეტალი, ფორმა და ფერი, რაც “მხატვრის” წარმოსახვის შედეგია. შესაბამისად,თითოეული სათამაშო მხოლოდ ავტორისთვის შექმნილი უნიკალური ეგზემპლარია, რომლის მსგავსიც არასდროს არავის ჰქონია“, – განაცხადა სახელოსნოს დამფუძნებელმა.
როგორც მარიამ ბოლქვაძემ განმარტა, სათამაშოს შექმნის პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია. მასალად კი იყენებენ არაალერგიულ ნედლეულს – პლედის ტიპის ქსოვილებს, საქსოვ ძაფებს და სხვა. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება.
„გვაქვს ჩვენი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი, სადაც გარდა იმისა რომ ვიღებთ შეკვეთებს, დაინტერესებული პირების შეკითხვებსაც ვპასუხობთ. „სოკომოროს“ სათამაშოს დასამზადებლად კი საჭიროა უბრალოდ ნახატის ფოტოს ჩვენს გვერდზე გამოგზავნა. თქვენი ბავშვების ფანტაზია აქ რეალობად იქცევა“, – განმარტა „სოკომროს“ დამფუძნებელმა.
ცნობისთის, სახელოსნო „სოკომორო“ თბილისში 2013 წელს გაიხსნა. აქ ამ ეტაპზე ნახატების გასაცოცხლებლად რამდენიმე პროფესიონალი მკერავი მუშაობს. სახელოსნო მსურველს 30, 40 და 50 სანტიმეტრიან სათამაშოებს სთავაზობს, თუმცა კლინეტის სურვილიდან გამომდინარე განსხვავებულ ზომებზეც მუშაობს. პროდუქციის გასაყიდი ფასები კი, ძირითადად, სათამაშოს ზომასა და სირთულეზეა დამოკიდებულია. გარდა ბავშვების ნახატების გაცოცხლებისა, „სოკომორო“ ახალ ხაზზეც მუშაობს და ადამიანების ორეულებს ქმნის.