LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკმაოდ ძველი სიმღერაა, თითქოს, მივიწყებულად იქცა… იმედია, ბევრი უფროსი თაობის ადამიანი გაიხსენებს ამ სიმღერას, ახალგაზრდები კი შეიყვარებენ“ – ნეკა სებისკვერაძე

947
ნეკა სებისკვერაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „გზები“ წარუდგინა. მომღერალმა 2025 წელიც შეაჯამა და საახალწლო ტრადიციები და სურვილები გაგვიზიარა.

ნეკა, მოგვიყევი შენს ახალ ნამუშევარზე „გზები“, როგორია ამ სიმღერის ისტორია?

ტრადიციად იქცა, რომ თითქმის ყველა ჩემი ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ ეთერში ხდება. წარმოგიდგენთ სიმღერას „გზები“. ეს საკმაოდ ძველი სიმღერაა, არის არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, გიორგი ცაბაძის რეპერტუარიდან და მას ასრულებდა შესანიშნავი მომღერალი, სერგო ნანიაშვილი. რაღაც ეტაპზე, თითქოს, მივიწყებულად იქცა ეს სიმღერა და როდესაც შარშან გოგი ცაბაძის საიუბილეო საღამო ჩატარდა, დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, სწორედ ამ საღამოსთვის შევარჩიე ეს სიმღერა. არანჟირება, გაორკესტრება დავით მაზანაშვილს ეკუთვნის. იმედია, ბევრი უფროსი თაობის ადამიანი გაიხსენებს ამ სიმღერას, ახალგაზრდები კი შეიყვარებენ.

ნეკა სებისკვერაძე – გზები

როგორია თქვენი ოჯახის საახალწლო, საშობაო ტრადიციები?

 განსაკუთრებული თითქოს არაფერი, ერთი, რაც არის, 1-ელ დეკემბერს ჩვენს ოჯახში უკვე მორთულია ნაძვის ხე და ძალიან დიდხანს ვცდილობთ, გავიხანგრძლივოთ ნაძვის ხის სიხარული. ჩემი რეჟიმი წინა საახალწლოდ, წინა საშობაოდ ყოველთვის განსაკუთრებულად დატვირთულია ხოლმე და აქედან გამომდინარე, ძალიან მიჭირს სტუმრების მიღება, ბევრი კერძის კეთება, ამისთვის ფიზიკურად დრო არ მრჩება, რადგან ახალი წლის პერიოდი ჩემს საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. აქედან გამომდინარე, ჩემს ტრადიციებში უნდა ჩაიწეროს სცენაზე ყოფნა წინა საახალწლოდ თუ წინა საშობაოდ.

7 იანვარს, თბილისის საახალწლო სოფელში არაჩვეულებრივ კონცერტს შევთავაზებთ მსმენელს, ჩემს კოლეგებთან ერთად.

რით იყო გამორჩეული 2025 წელი შენთვის?

ვეცადე, რამდენიმე პრემიერა მაინც ყოფილიყო. ძალიან ნაყოფიერი წელი იყო, როგორც შემოქმედებითად, ისე პროდიუსერის საქმიანობის თვალსაზრისით. გავაკეთე რამდენიმე არაჩვეულებრივი პროექტი, ასევე ჩაიწერა რამდენიმე ახალი სიმღერა. 2025 წელს ჰქონდა თავისი გულისწყვეტები, სევდაც, რადგან რამდენიმე საოცარი ადამიანი წავიდა ჩვენგან.

ყველაფრისთვის მადლობა ამ წელს, იმედი მაქვს, 2026 წელი უფრო ნათელი, უფრო მზიანი და ლაღი იქნება, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის.

თუ არის რამე ისეთი აქტივობა, რაც ძალიან გიყვარს, მაგრამ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საკმარის დროს ვერ უთმობ?

ძალიან მიყვარს და დროს ვერ ვპოულობ დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის და სულ ამის დეფიციტს განვიცდი.

რა არის შენი გეგმა 2026 წლისთვის, რომელ ქვეყანას მოინახულებდი ან საქართველოს რომელ კუთხეს ეწვეოდი?

ზამთრის სეზონზე, აუცილებლად ვაპირებ მესტიაში დაბრუნებას და სრიალს. იმდენად მიყვარს ჩვენსავე ქვეყანაში მოგზაურობა და იმდენი აღმოჩენა მაქვს გაკეთებული, რომ თუ კი მაქვს დრო, რომ დასასვენებლად წავიდე, ქვეყნის შიგნითაც ძალიან კარგად და ხარისხიანად ვახერხებ ხოლმე ამას.

ნეკა, როგორ ფიქრობ, რომელი სიმღერა ასოცირდება ყველაზე მეტად შენთან, რომელმა ნამუშევარმა მოგიტანა ყველაზე დიდი წარმატება?

პატარა ასაკიდან, ალბათ, არაერთი სიმღერაა ასეთი, ერთ-ერთი ზამთართან რაც ასოცირდება, არის სიმღერა კინოფილმიდან „ყვავილი თოვლზე“, რომლითაც 9 წლის ასაკში „ფილარმონიის“ დიდ საკონცერტო დარბაზში წარვდექი მსმენელის წინაშე და სიმბოლურად დარჩა ეს სიმღერა. მერე, იყო „ყელსაბამი“, „ზაფხულის ღამე“, „სიყვარული“ და უამრავი სხვა ჰიტი და ჩემთვის შექმნილი საავტორო სიმღერები.

ჩამოთვლილი სიმღერებიდან მაინც რომელს გამოარჩევდი და ვინ იყო ინიციატორი, რომ ისინი შეგესრულებინა?

გამოვყოფდი ნამუშევარს „ყვავილი თოვლზე“. დედა იყო ინიციატორი, რომ ეს სიმღერა შემესრულებინა და ძალიან მადლიერი ვარ მისი. მახსოვს, მაშინ, საყვედურობდნენ, ამ ბავშვს ძველმოდურ სიმღერებს რატომ ამღერებო… დედას ძალიან უყვარდა ქართული-ტრადიციული სიმღერა, ძალიან დიდ პატივს სცემდა ქართველ კომპოზიტორებს, მათ ნამუშევრებს და მისი დამსახურებაა, რომ ამ ნამუშევრებს პატარა ასაკიდან ვეზიარე, შევიყვარე და ასე გამზარდა ამ მუსიკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g