“საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებთან შეთანხმება მიღწეულია”,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით კანონპროექტი დაინიცირდება.
„ჩვენ სრულად შევთანხმდით იმ პროექტზე, რომელიც დაინიცირდება და რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.
პირველი – რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, დაინიცირდება პროექტი 2- პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით და უზრუნველყოფილი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება 2 – პროცენტიანი ბარიერით უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ფრაქციის შექმნის უფლება განისაზღვრება უკვე 4 დეპუტატისთვის და რაც შეეხება გენპროკურორის არჩევის წესს, აქაც არის შეთანხმებული კონკრეტული ტექსტი, რომელიც ეფუძნება მიშელის დოკუმენტს. სამივე საკითხთან დაკავშირებით გვაქვს სრული კონსენსუსი შესაბამის პარტიებთან და საერთო თანხმობის საფუძველზე ხელმოწერებით დაინიცირდება ეს კანონპროექტი,”- განაცხადა კობახიძემ.