როგორ ვასწავლოთ გოგოებს საკუთარი თავის სიყვარული – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.
მაგდა, როგორ უნდა მიხვდეს ქალი, სად არის ამ სამყაროში?
საუბარს დავიწყებ ჩემი ერთ-ერთი პაციენტის ქეისით, რომელიც ხშირად მომყავს საილუსტრაციოდ. ახალგაზრდა ქალი თერაპიაზე დიდ ფორმატზე ხატავს საკუთარ თავს და გარემოს რაშიც იმყოფება. არტის დასრულებისას კი აღმოჩნდება, რომ ყველა პერსონაჟი ფორმატზეა, მაგრამ არ არის თვითონ. პაციენტს ავიწყდება საკუთარი თავის დახატვა.
გეშტალტთერაპია პიროვნებას უდგება ჰოლისტურად და განიხილავს როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. ამ ქეისში კი ნათლად ჩანს, თუ როგორი დაშლილი და დანაწევრებულია პაციენტის მდგომარეობა, რადგან ის არის ყველგან ნაწილებად გაბნეული და ამავდროულად არსად არ არის ,,მთლიანი”. ამ დროს ისმის კითხვა: “მე” სად ვარ?
მსგავს შემთხვევებში კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, რადგან ადამიანმა მართლა არ იცის სად არის თვითონ. ამიტომ როდესაც მთლიანობა ჩამოშლილია ჩვენ ვერ ვისაუბრებთ საკუთარი თავის სიყვარულზე. საკუთარი თავის სიყვარული არ გულისხმობს მხოლოდ საკუთარი სხეულის მოვლასა და ლამაზ ტანისამოსს. რა თქმა უნდა განტვირთვისა და თავის დაჯიდლოვების მიზნით კარგია, მაგრამ ეს არ არის ამ ამბავში წამყვანი.

რას გულისხმობს საკუთარი თავის სიყვარული?
გაცნობიერებას შენი არსების და აღიარებას იმისა, რომ ეს ბევრად მეტია ვიდრე შენი ფიზიკური სხეული. საკუთარი თავის სიყვარული ავტომატურად გულისხმობს საკუთარი თავისა და საზღვრების პატივისცემას. მაგრამ როგორ შემიძლია დავიცვა ჩემი საზღვრები, თუ მექნება განცდა, რომ ,,არ ვარ საკმარისი” ან ,, არ ვარ საკმარისად კარგი”.
თვალი რომ გადავავლოთ ჩვენს ბავშვობას, საინტერესოა რა ფრაზებს ამოატივტივებს ჩვენი არაცნობიერი? რა ტიპის განდევნილი შინაარსები ამოვა ზედაპირზე? ეგრეთ წოდებული ინტროექტები პირდაპირ გვიპასუხებენ, რომ ვართ ლამაზი ან ჭკვიანი, ან სულაც უნიჭო ან სულელი. როგორ შემიძლია მიყვარდეს საკუთარი თავი, როდესაც უნიჭო და სულელი ვარ? ერთის მხრივ, მე ვიჯერებ ამ მოცემულობას და მეორეს მხრივ, მთელი ცხოვრება მაქვს განცდა საკუთარი ნაკლოვანების. ასევე, ბრალეულობის განცდა, რომ ვერ გავამართლე ვიღაცის იმედები( დედის, მამის). ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ფაქიზად ბავშვებთან.
პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომელიც არატოლერანტული იყო პიროვნების თავისუფალი ნების მიმართ, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს ეცხოვრათ და ეაზროვნათ ერთნაირად, რათა პიროვნების ინდივიდუალიზმი არ დაწინაურებულიყო და კოლექტიურ აზროვნებას არ გამოყოფოდა, ითვლებოდა რომ საკუთარი თავის სიყვარული სირცხვილი იყო. ჩვენ დღემდე ვიმყოფებით ამ მახინჯი რეჟიმის გადმონაშთში.
ნებისმიერი ჩვენი ემოცია, რომელიც შეკავებული და რეპრესირებულია, გვაიძულებს ყოველ ჯერზე ვუღალატოთ საკუთარ თავს, რაც საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების უარყოფას გულისხმობს. ამიტომ გავხადოთ ჩვენი განცდები ლეგალური, ვისწავლოთ საკუთარი თავის მიმღებლობა და პატიება, თუნდაც იმისა, რომ ,,საკმარისად კარგი არ ვარ”.
საკუთარი თავის მიმღებლობის მეორე საფეხური საკუთარი თავის სიყვარულია.