სალიმა მაზარი – ეს არის ქალი გუბერანტორი ავღანეთში. ის მსოფლიო საზოგადოებამ უკეთ გაიცნო მას შემდეგ, რაც ქვეყანა “თალიბანმა” დაიკავა.
მაზარის სიმამაცეს ეხმიანებიან სოციალურ ქსელებში, მათ შორის საქართველოშიც.
ფეისბუქმომხმარებელი Jacob Jangavadze წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გაიქცა მაღალი თანამდებობის თითქმის ყველა პირი, სალიმა იყო ერთადერთი, ვინც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად დარჩა ერთ-ერთ პროვინციაში და ბოლომდე იბრძოდა:
“ეს ქალი არის სალიმა მაზარი. ქალი გუბერნატორი ავღანეთში.
როდესაც თალიბანმა დაიწყო შეტევა, თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი გაიქცა ქვეყნიდან, რომელთა უმრავლობაც კაცები იყვნენ. სალიმა იყო ერთდადერთი, ვინც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად დარჩა ერთ-ერთ პროვინციაში და ბოლომდე იბრძოდა, საბოლოოდ თალიბანმა ის ტერიტორიაც აიღო, რომელსაც სალიმა და ავღანური ჯარის საკმაოდ მცირე ნაწილი იცავდა, ხოლო სალიმა ამ დრომდე ტყვეობაში ჰყავთ, ციხეში.
დღეს მოეწყო აქცია, დაახლოებით 10 ქალი გამოვიდა ქაბულის ქუჩებში და გააპროტესტა თალიბანის მიერ ჩამორთმეული უფლებები. ერთი შეხედვით 10 ქალი ცოტაა მაგრამ მერწმუნეთ, ამაზე მეტი სამოქალაქო გმირობა უბრალოდ არ არსებობს.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა კაცები თვითმფრინავში ასვლას ერთმანეთს ასწრებდნენ (არ ვადანაშაულებ, უბრალოდ შემდეგ იგივე კაცები ქალებს მონურ ყოფაში აცხოვრებდნენ, რადგან მათი აზრით “სუსტები” არიან)”, – წერს Jacob Jangavadze.
სალიმა მაზარის ტყვედ ჩავარდნის შესახებ წერენ უცხოური მედიასაშუალებებიც.
რამდენიმე წლის წინ, მაზარი გახდა ავღანეთის სამი გუბერნატორიდან ერთ-ერთი. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბევრი პროვინცია დიდი ბრძოლის გარეშე დაეცა, სალიმა ყველაფერს ცდილობდა, ბალხეთის პროვინცია დაეცვა.