LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე არშბა მთელ თავისუფალ დროს შვილთან ატარებს – „რაც თინა გაჩნდა, თავისუფლად ვერ ამოვისუნთქე…“

2396

ტელეწამყვანი სალომე არშბა დედა რამდენიმე წლის წინ გახდა. მასა და მსახიობ კახა მიქიაშვილს გოგონა, თინა შეეძინათ. ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ სალომესთვის თინას დაბადების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა…

სალომესთან ინტერვიუ რესტორან „ტერასაში“ ჩავწერეთ, დედა-შვილმა კი სიამოვნებით იპოზიორა ფოტოკამერის წინ.

ვის ჰგავს თინა გარეგნულად?

სალომე არშბა:

დედიკოსაც ჰგავს და მამიკოსაც. მგონია, რომ თვალებით მე მგავს. ჩემი პატარაობის ფოტო მაქვს და იმ ფოტოში ძალიან მგავს. რაც შეეხება ხასიათს, ფანტასტიკური გოგოა. ყველა აქებს თავის შვილს, მაგრამ მართლა ძალიან კარგი გოგოა. დაბადებიდან ვეკონტაქტები, როგორც ზრდასრულს და ყველაფერი ესმის. მასთან ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ვფიქრობ, მან ორივესგან აიღო საუკეთესო თვისებები და საკუთარ თავში გააერთიანა…

საქმიანი ქალების მინუსად მიიჩნევა ის, რომ შვილებთან მცირე დროს ატარებენ…

მე არ ვარ საქმიანი ქალი (იღიმის). მიუხედავად იმისა, რომ თინა ორი თვის იყო, სამსახურში რომ გავედი, უფროსობა ძალიან მიწყობდა ხელს და ცოტა ხნით მიწევდა გასვლა. რეჟიმი ისე მქონდა აწყობილი, რომ თინასთან მაქსიმალურად ბევრი დრო გაეტარებინა. ბოლო სამსახურშიც ასე იყო – თინას ბაღისთვის მე ვამზადებდი, შემდეგ მივდიოდი სამსახურში, საღამოსაც სულ შვილთან ერთად ვატარებდი. ძიძა მაშინ ავიყვანე, როცა თინა წელიწადნახევრის გახდა. სამ წლამდე ძიძა მეხმარებოდა, შემდეგ კი თინა ბაღში წავიდა.

დედიკოსთან ერთად ყველაზე მეტად რისი თამაში უყვარს?

სხვადასხვა თამაში გვაქვს, ბურთსაც ვაგორებთ, ფეხბურთს ვთამაშობთ, დედა-შვილობანას… ერთობლივი თამაშები ძალიან კარგია. მესმის, რომ ეს შესაძლოა, დედისთვის დამღლელი იყოს სამსახურის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ასე ავაწყვეთ, რომ ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ. ახლა, ბოლო დროს დაიწყო მარტო თამაში. როცა თინა პატარა იყო, სამსახურში რომ მივდიოდი, ტიროდა. მერე ავუხსენი, რომ ყველა დედამ უნდა იაროს სამსახურში, რომ შვილებს სურვილები აუსრულონ (იღიმის), ამის შემდეგ აღარ უტირია.

შეიძლება ითქვას, რომ შენი ცხოვრება თინას გაჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა?

რეჟიმიც შეიცვალა, ყველაფერი თავდაყირა დადგა და მეც შევიცვალე, შემეცვალა პრიორიტეტები, ღირებულებები. 2012 წლის შემდეგ, რაც თინა გაჩნდა, მე მისთვის ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჭირდებოდა, სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ შემოთავაზებაზე უარიც მითქვამს. არ მიმაჩნია, რომ არასწორად მოვიქეცი. შინაგანი მოთხოვნილება მაქვს, რომ თუკი შემიძლია, შვილს დიდი დრო დავუთმო და ასეც ვიქცევი.

როცა ფეხმძიმედ იყავი, ბავშვის აღზრდაზე ლიტერატურას თუ კითხულობდი?

როცა ორსულად ვიყავი, ჩემს მეგობრებს უკვე ჰყავდათ შვილები, მათ გამოცდილებასაც ვიზიარებდი და უამრავი ლიტერატურაც წავიკითხე. ინტერნეტში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიე. თინას დაბადების შემდეგ პედიატრთან 24 საათი კონტაქტზე ვიყავი.

28 წელი, როცა თინა გავაჩინე, ვფიქრობ, იდეალური ასაკია შვილის გასაჩენად. ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ემოციურად მზად ვიყავი. ძალიან მომზადებულმა გავიარე ეს პერიოდი და არ მქონია პოსტსამშობიარო დეპრესია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებოდი, ყოველი წუთი ბედნიერებას მანიჭებდა. თინა ოთხწელიწადნახევრისაა და დღემდე არც ერთი ღამით არსად დამიტოვებია. ჯერ ვერ ვტოვებ. ყველგან ერთად დავდივართ…

თუ ფიქრობ სკოლის შერჩევაზე?

ბაღზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე, რადგან მარტივად დარჩა ბაღში. ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ თავს კომფორტულად გრძნობდა. არადა, ჩემ გარეშე არ იძინებდა, ღამით სხვაგან არასდროს დამიტოვებია, სამსახურში რომ მივდიოდი – ტიროდა და რომ ვბრუნდებოდი, კართან მხვდებოდა…

ახლა ვარჩევ სკოლას. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. გარდა იმისა, რომ კერძო სკოლები ძალიან ძვირია, არ ვიცი, ამ თანხის შესაბამის განათლებას თუ მისცემენ. რამდენიმე სკოლაში ვიყავი და კიდევ ვაპირებ მისვლას.

ბავშვობაში ფანტაზიორობდი, რამდენი შვილი უნდა გყოლოდა?

ერთი ვიდეორგოლია, „იმედის დილის“ პრომო, სადაც ვამბობ, რომ მინდა, ხუთი შვილი მყავდეს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დაანებო, იმხელა პასუხისმგებლობა და საფიქრალია შვილის ყოლა… რაც თინა გაჩნდა, თავისუფლად ვერ ამოვისუნთქე. სულ შვილზე ფიქრობ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის გინდა. ასე რომ, ჯერ თინათი ვტკბები (იღიმის).

როგორი გინდა იყოს შენი თინა?

ამაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. დედაჩემის თაობა რადიკალურად განსხვავებულად ზრდიდა შვილებს. მე სხვა მეთოდი ავირჩიე აღსაზრდელად. თინას ძალიან იშვიათად ვუბრაზდები. ყოფილა მომენტები, როცა წყობიდან გამოვსულვარ, მიყვირია, რასაც მერე ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად მომხდარა. დღეს ბავშვები ბევრად თავისუფლები არიან, მე ასე ვფიქრობ.

არმაზში ჩემი მეგობრის აგარაკზე ვისვენებთ ხოლმე. ბავშვები დილიდან ფლომასტერებით მთელ სახესა და ტანს იხატავენ. ეს ჩემთვის პრობლემა არაა, მერე გავხეხავ, რამდენიმე დღე მცირე ლაქებით ივლის, მაგრამ ასე გართობას არ ავუკრძალავ. თინასთან ერთად ვითამაშებ ისე, რომ მერე მთელი სახლი დასალაგებელი იყოს… სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ თინასთან საუბარი და ახსნა კარგად ჭრის. ჩემმა შვილმა არ იცის, რას ნიშნავს დასჯა. რაც მთავარია, კარგი შედეგი მაქვს. რაც მთავარია, ბოდიშის მოხდა იცის. მეც ასეთი ვარ. ცუდად ვგრძნობ თავს, თუ არასწორად მოვიქეცი და ბოდიში არ მოვიხადე…

ყველა დედას უნდა, საუკეთესო შვილი ჰყავდეს. მინდა, თავისუფალი გაიზარდოს და არ მოექცეს დოგმებში. მინდა, ძალიან კარგად ისწავლოს. თუკი კარგ განათლებას მიიღებს, ბევრი რამ გაუადვილდება ცხოვრებაში. მსურს, იყოს მიზანდასახული, იცოდეს, რა უნდა და როგორ გადადგას მყარი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მგონია, რომ მშობლებმა შვილებს თავისუფლება უნდა მივცეთ. რასაკვირველია, ზღვარი ყველგან არსებობს…

არის შეცდომა, რომელიც არ გინდა, შენმა შვილმა გაიმეოროს?

რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება, დედის შეცდომა შვილმა მაინც გაიმეოროს. დედისთვის მეც არ მომისმენია და მერე წამიტეხავს ცხვირი. თინას რჩევას მივცემ, მაგრამ ჩემს აზრს თავს არ მოვახვევ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

სალომე, საქმიანობის კუთხით რა ხდება? „ჯი-დი-ეს“-ზე, სადაც შენ მუშაობდი, შუადღის გადაცემა დაიხურა…

ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ. მაქვს ერთადერთი სამსახური, ჩემი საყვარელი ჟურნალი „სთეფსი“, სადაც ვწერ. იმედი მაქვს, რაიმე გამოჩნდება, რადგან სამსახური ყველას სჭირდება. რომ არ მჭირდებოდეს, მთელ თავისუფალ დროს თინას დავუთმობდი. ახალი სამსახური რომ მექნება, მაინც ისე შევათავსებ, რომ შვილს ყურადღება არ მოვაკლო.

გადაღების ადგილი: რესტორანი „ტერასა“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g