2022 წელს მოსკოვში ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ის 32 წლის იყო… ლევანის უფროსი და, სალომე მას ჟურნალ „სარკესთან“ (8 ოქტომბრის ნომერი) იხსენებს:
სალომე კბილაშვილი:
ლევანიკო რაც მახსოვს, სულ მღეროდა – აბაზანაში, სამზარეულოში… დადიოდა და მღეროდა. იურიდიულზე ჩააბარა, მამაც იურისტია, ჩემი უფროსი ძმაც და მანაც ეს გზა გააგრძელა. საკმაოდ წარმატებული იურისტიც დადგა, მაგისტრატურაც დაამთავრა და სამინისტროშიც მუშაობდა, მაგრამ გული აიცრუა, არ მინდა იურისტობა, უნდა ვიმღეროო. დაანება სამსახურს თავი და წავიდა მოსკოვში. მერე კი სიმღერის გარდა იმდენი ფარული ნიჭი აღმოაჩნდა… ხატვა დაიწყო. საოცარი ნახატები შექმნა.
როცა ლევანიკო გარდაიცვალა, უამრავი ხალხი მივიდა მოსკოვში მის ბინაში. მომღერალ ლუბა უსპენსკაიას პროდიუსერი რომ შესულა, უთქვამს, ნამდვილი ხელოვანის სახლი იყოო, იმდენად საოცრად ჰქონდა მოწყობილი. სავსე ჰქონდა ნახატებით. ეს ნახატები ჩამოგვიტანეს და ჩვენს მუზეუმში გვაქვს. ძალიან გვინდოდა და გავაკეთეთ ლევანის მუზეუმი ჩვენსავე სახლში. მუზეუმის კარი მთელი დღის განმავლობაში არ იკეტება, ქუჩაც ლევანის სახელობისაა და მემორიალური დაფაც გაკეთდა… ეს ერთგვარი შვებაა ჩვენთვის, ხომ მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნოა, ყველას რომ უყვარს. ასეთ ასაკში ამდენი რამ გააკეთო, თავად შექმნა სახელი, ასეთი სახელი დატოვო…
მეოთხე წელი დაიწყო მისი გარდაცვალებიდან და თქვენც რომ გაინტერესებთ და ბევრ სხვასაც, იმას ნიშნავს, რომ ლევანი ისევ ცოცხალია. ფოტოსა და ვიდეოს იმხელა რეაქციები მოსდევს…. სულ უცხო ადამიანები წუხან, მწერენ ისეთ თბილ სიტყვებს…
ის ადამიანები გვაძლიერებენ და არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას, თორემ რაც ჩვენ გამოვიარეთ და რასაც გავდივართ, არავის ვუსურვებ. ძალიან დიდი სიამაყე ახლავს იმ ყველაფერს, რომ ამხელა სიყვარული დაიმსახურა ასეთ პატარა ასაკში.
ძალიან თავმდაბალი იყო. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ვერ გაიგო, ხალხს როგორ უყვარდა. ალბათ, გრძნობდა, მაგრამ ამ დოზით – არა, როგორი დოზითაც ყველას ჰყვარებია…