LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: 2024 წლის არჩევნები იქნება ტესტი – კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ

193
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს კი წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს“.

აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა France 24 English-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც შემდეგი საკითხით დაინტერესდა: „ევროკავშირს ცხადად სურს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროპის ნაწილი გახდეს და იყო დრო, როდესაც უმეტესობა საქართველოს შემხედვარე ამბობდა, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დემოკრატიული ნოვატორია. ეს ის მიზანია, რომელიც ახლა უფრო შორსაა, თუ რომელიც ახლოვდება? იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ევროპაში ამბობს და მე ვციტირებ – საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლაა, საქართველო უკან მიდის“.

„თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.