საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას უკვე შეხვდა.
პრეზიდენტებმა ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს.
“ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია. ეს არის მშვიდობიანი გზა” – სალომე ზურაბიშვილი
“ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ეს არის ჩვენი ქვეყნების და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშროლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა” – სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაციები, ადამიანების გატაცების ფაქტები აღარ უნდა გაგრძელდეს.
ის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ მის გასათავისუფლებლად ყველა უწყება მუშაობს.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება, დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა.
“არ შეიძლება არ აღვნიშნო სტარსბურგის სასამართლოს დასკვნა, რაც არის საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება. არ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაციები დელიმიტაციის ხაზზე და გატაცებები. “
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპული მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრა და რუსეთი-უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა.
„ჩვენ კარგად გვესმის უკრაინის მძიმე მდგომარეობა. ერთი მხრივ, ყირიმის ოკუპაცია და მეორე მხრივ, აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაციის, ესკალაციის ფონი. მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და დაღუპული მეომრების ოჯახებს მივუსამძიმრო და ქართველი ხალხის თანადგომა გამოვუცხადო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.