„გვინდა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“ – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
მისი შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
პრეზიდენტი: „ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – ამ არჩევნებს არ ვაღიარებ“
„მინდა ყველას ერთად გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან:
„უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად“ , – განაცხადა პრეზიდენტმა.