LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი : სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ

71

“კადრების გავრცელება მიუღებელია და ადამიანებისთვის, რომლებზეც ფარული ჩანაწერებია გაკეთებული, ეს ტრაგედიაა, მაგრამ ისინი გმირები არ არიან და გმირებად ნუ ვაქცევთ”, –  ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„რატომ მოხდა თავდასხმა სააგენტოზე, რომელმაც რაღაც შეცდომა დაუშვა და რომლის გამოც ბოდიში მოიხადა?! პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფაა. ღირებულებებს ნუ ვკარგავთ და სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ. თითქოს, დანარჩენი საზოგადოება ჩამორჩენილია“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გია ბარამიძე, რომელმაც სვანეთში მთელი ოჯახი დახოცა, გამოდის და მორალს გვიკითხავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კადრები ვიღაცების გაკეთებული იყო, ამ საზიზღრობების შესახებ არაფერი იცოდნენ და დღეს თუ რაღაც ხდება, ამ ხელისუფლების ბრალია. ეს სრული უტიფრობაა. დღეს, შესაძლოა, პირადი ინტერესების გამო ვიღაცა ვიღაცას უთვალთვალებს, მაგრამ არა მგონია, ქვეყანაში ძველი პრაქტიკა მეორდებოდეს, როცა სახელმწიფო ყველას გვითვალთვალებდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რაც დღეს ხდება, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიმინალური სისტემის შედეგია და აქცენტების დღევანდელ დღეზე გადატანა არასწორია.

„სამართლიანი იქნებოდა, დღეს მებრძოლ ადამიანებს მაშინ ეყვირათ, როცა ადამიანების დატერორება-დაშანტაჟება მართლა ხდებოდა. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული ის კი არაა, რომ რევანში არ აიღო, ნაციონალური მოძრაობა ფეხებით არ ჩამოკიდა და გაანადგურა, არამედ ის, რომ მათი მოქმედებები არ გააანალიზა და გაშიფრა. სხვა ოპონენტები პოლიტიკურ ველზე არ დაუშვა და დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტია მთავარ ოპონენტად დაიყენა. ეს დასავლეთისგან წამოსული ბრძანების გამო არ მომხდარა. ამ გზით მმართველი გუნდი კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში.

 

magti 5g