საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა უპასუხა სენატორის კითხვას – „არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას“.
„მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს. მე ვარ გარკვეული კავშირი, სიმბოლო და ამ ხალხს ეს სიმბოლო ქუჩებში სჭირდება. ეს არის ასევე სტაბილურობის ფორმა. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეიძლება ისაუბრონ, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომელიც ქუჩის პროტესტიდან ჩნდება.
ასე რომ, ერთი ტელეფონი უნდა არსებობდეს ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ამ საზოგადოებას მხარი უნდა დაუჭირონ და მათ მხარი ჩემი მეშვეობით უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.