საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან მილიონი ლარი ისესხა. შესაბამისი ინფორმაცია კანდიდატის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, რომელიც აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა და 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პერიოდში12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის შუალედში 1 890 744 ლარი დაიხარჯა, მათ შორის 1 438 894 — რეკლამაზე.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს . ამ თანხით საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯები დაფაროს.
სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს სულ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც დამოუკიდებელ კანდიდატს 50 000 ლარი გადაურიცხა.