საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და სურვილი გამოთქვა კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. პრეზიდენტის ინიციატივები ეხება საქართველოს ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
spend your summer in Georgia – ს აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კამპანია 4 სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. Spend your summer in Georgia-ს ამ დროისთვის 280 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, პირველი აქტივობა უკვე დაიგეგმა – საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია.
მარიამ გუჯაბიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთვება ასეთ კამპანიაში, რადგან ეს არის ძალიან სწორი და კარგი მესიჯი, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.
„ქალბატონი სალომე მზად არის, რომ ამ კამპანიის შესახებ საერთაშორისო დონეზე გააჟღეროს, მოიწვიოს საერთაშორისო ვიზიტორები და ასევე ჩვენი კამპანიაც დაპატიჟა საერთაშორისო დონის შეხვედრებზე, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ დაველაპარაკოთ ძალიან საინტერესო ადამიანებს და რეალურად გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი კამპანიის, ქვეყნის და ტურისტული პოტენციალის შესახებ. ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურად გაჟღერდება ეს ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა გუჯაბიძემ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიდრე სხვებს მოუწოდებდა, მან და მისი ოჯახის წევრებმა უკვე დაიწყეს კამპანიის მხარდაჭერა. მისი შვილები და რძალი შვებულებას საქართველოში ატარებენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარიამ ჯობავამ პრეზიდენტს სამომავლო გეგმებიც გააცნო.
„ვგეგმავთ გავაგრძელოთ კამპანია. შემდგომი იქნება შემოდგომა. პრეზიდენტსაც გავუზიარეთ თუ რას ვგეგმავთ საინიციატივო ჯგუფის წევრები და მისი მხრიდანაც სრული მზაობა გამოითქვა, რომ ჩვენს კამპანიას მხარს დაუჭერს და სხვა სეზონების განმავლობაშიც შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ჯობავამ.