„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და პარალელური დათვლის მონაცემები ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი.
მამუკა მდინარაძე: „როგორც ჩვენთვის ცნობილია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და უკრძალავენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას – კეთილი ინებონ მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ, ეს ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს“
მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.
აქედან გამომდინარე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორგანიზაციის ისტორიაში პირველად, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ხმების პარალელური დათვლის მონაცემები არ გამოაცხადა, ვინაიდან იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი“, – ნათქვამია განცხადებაში.