„ვხედავთ, რომ სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სამწუხაროდ, სულ უფრო მცირდება. ბოლო პერიოდში ბრიუსელი განიცდის ღირებულებით უკუსვლას და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას, რას უნდა ელოდოს საქართველოს გაფართოების შესახებ ანგარიშისგან, რომელსაც ევროკომისია 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს:
„უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ ხვალ 4 ნოემბერია, ერთ თვე გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის, კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ, ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ კომისარი კოსი ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის, 2 პოლიციელი – მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, და ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს – კომისარ კოსსა და კომისარ კალასს არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა.
ამიტომ, ქართველი ხალხის მოლოდინი არის, რომ მანამ, სანამ საერთოდ რამეს იტყვიან საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან, მათ შორის, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის, მედია ორგანიზაციები და ასევე, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას და არავინ არ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს -სა და სხვათა დროული რეაგირება.
ძალადობის არ დაგმობა შემთხვევითი არ არის, ვინაიდან ძალადობის არ დაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა და ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელიდან. ეს არის იმ მტრული რიტორიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ ევრონესტზე ვიხილეთ – ეს არის ერთი სამწუხარო პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევა ხდება. ვხედავთ ჩვენ, რომ სამართლიანი მიდგომების მოლოდინი, სამწუხაროდ, სულ უფრო მცირდება. ბოლო პერიოდში ბრიუსელი განიცდის ღირებულებით უკუსვლას და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს. ისინი ვიწრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ საქართველოს. ეს არის ბრიუსელში პოსტსაბჭოთა გავლენების სამწუხარო შედეგი, წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
