სამეგრელოს რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებული რვა პროექტიდან ოთხს გრანტს GITA გადასცემს, ოთხ სტარტაპს კი USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.
გამარჯვებული პროექტებია:
- LiveCourt – მობაილ აპლიკაცია, რომელიც სპორტის მოყვარულებს საჯარო სტადიონების პოვნასა და რეალურ რეჟიმში სტადიონზე ადამიანების რაოდენობის დანახვაში ეხმარება. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს სტადიონი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის საჭიროებებს.
- Incom For Buisness – პლატფორმაზე მცირე ბიზნესის მქონე პირები საკუთარი პროდუქტისა და კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებას შეძლებენ. ვებგვერდის ალგორითმი შეკრებს ინფორმაციას სხვადასხვა სოციალური ქსელიდან და მათ პროდუქტს პოპულარულ ტრენდს მოარგებს, მისცემს ვიდეოს იდეას, სოციალურ მედიაში განთავსებისას კი დააგროვებს ბევრ ნახვას და მოიპოვებს აუდიტორიის ნდობას.
- Legends Forge – ინოვაციური კომპიუტერული თამაშის პროტოტიპის დამზადება არსებული „ნეთვორქიდან“ ინვესტიციის ასაღებად.
- სმარტ ცქვიტა – მოწყობილობა ადამიანებს ელექტრო ენერგიის მონიტორინგსა და ხარჯების სწორად განსაზღვრაში ეხმარება.
- შიპიფაი – შიპიფაის ბიზნეს ანალიტიკური მოდელები მიმართულია მინიმუმამდე დაიყვანოს შეკვეთის რეგისტრაციიდან მის დასრულებამდე საჭირო დრო, მიაწოდოს მომხმარებლებს ყველა საჭირო ინფორმაცია შეკვეთის შესახებ რეალურ დროში და გაზარდოს სახმელეთო გადაზიდვების გამტარუნარიანობა რეგიონში.
- ParaTicks – მეორადი ბილეთების პლატფორმა – პროექტის მიზანია ღონისძიებების მეორადი ბილეთებით ვაჭრობისთვის ორგანიზებული, მარტივად გამოყენებადი და სანდო პლატფორმის შექმნა (მრავალ-მომხმარებლიანი; C2C; B2C), რომელიც შეამცირებს არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციების რისკებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს მარტივად მოიძიოს/ შეიძინოს სასურველი ბილეთები, ხოლო ბილეთების მფლობელებს გაუჩნდებათ ახალი, სანდო და უსაფრთხო გაყიდვების არხი.
- RESTART . რესტარტი – პლატფორმა, როგორც უწყვეტი შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, გაადვილებს დასაქმების და დაქირავების პროცესს.
- სანო – C2C სამედიცინო პლატფორმა, რომელიც ადამიანებს, სახლიდან გაუსვლელად, სამედიცინო მომსახურებების ონლაინ მიღებაში ეხმარება.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.