ლევან ცუცუქირიძის სამხატვრო სტუდია „ფრესკა“ აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ახალგაზრდა ილუსტრატორი“. როგორც ”ფორტუნას” ”ფრესკადან” აცნობეს, კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ 11-დან 17 წლამდე ასაკის ხელოვანებს.
“მონაწილეს ქართული ნაწარმოებიდან – მოთხრობა, პოემა, ლექსი, იგავი, ნოველა, ბალადა- ნებისმიერი ეპიზოდის დასურათება ევალება. ნამუშევარი უნდა იყოს შესრულებული A2 ან A3 ფორმატზე. მასალად შესაძლებელია ავტორმა გამოიყენოს,როგორც წყლის საღებავები (აკვარელი, გუაში, აკრილი), ასევე შერეული ტექნიკა (ზეთის საღებავების გარდა). ნამუშევრის ფოტო, ნაწარმოების მითითებით, ასევე პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია 25 მაისამდე წარმოდგენილი უნდა იყოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე- [email protected]”, – განაცხადეს სამხატვრო სტუდიაში.
მათივე ინფორმაციით, 1მაისიდან 25 მაისამდე გამოგზავნილი ნამუშევრები აიტვირთება სტუდიის ოფიციალურ “ფეისბუქის” გვერდზე, საგანგებოდ კონკურსისთვის შექმნილ ალბომში: კონკურსი „ახალგაზრდა ილუსტრატორი“. გარდა ამისა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ თვალი ადევნონ ინფორმაციებს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ, მოიწონონ, გამოხატონ აზრი ამა თუ იმ ნამუშევარზე.
როგორც ”ფრესკაში” განმარტეს, კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. ჯამში ჟიური საუკეთესო ათ ნამუშევარს გამოავლენს. 1 ივნისს კი იგეგმება გამოფენის მოწყობა და გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება.
ცნობისთვის, სტუდია “ფრესკა” 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა და ის იწვევს ყველას ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ხატვა, ფერწერა და ძერწვა.
”ჩვენი სამხატვრო სტუდია რეალიზების შესაძლებლობა ქმნის და იმ ”საკვებს” აწვდის მოზარდს, რასაც დღეს მოკლებულია თითოეული მათგანი. “ფრესკაში” სამხატვრო სტუდიისთვის დამახასიათებელი აკადემიური გარემოა -საუკეთესო პედაგოგები, მეგობრული ატმოსფერო,ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მორგებული პროგრამა ყველა ასაკისთვის”, – განაცხადეს სამხატვრო სტუდიაში.
