უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი უკრაინაში მიმდინარე ომს ემსხვერპლა.
მფრინავის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ივანო-ფრანკოვსკის ლიცეუმი, სადაც ანტონი სწავლობდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მფრინავი უკრაინის პრეზიდენტმა ორდენით დააჯილდოვა.
“ანტონი ლიცეუმში 2005-2008 წლებში სწავლობდა. ის ყველას ახსოვს როგორც გამორჩეული უნარების, ძალიან დაჟინებული და ჯიუტი ახალგაზრდა.
შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ, ანტონი უმაღლესი კლასის სამხედრო მფრინავი გახდა. დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე მილიონობით უკრაინელი აღტაცებით და სიამაყით უყურებდა სამხედრო თვითმფრინავების ფრენას – ამ კოლონის მეთაური ანტონი იყო.
ანტონის გზა იყო რთული, მაგრამ აზრიანი. ახალგაზრდა ჯიუტად მიიწევდა ოცნებისკენ – გამხდარიყო მფრინავი, ჩიტივით მაღლა ეფრინა ცაში და ეხილა დედამიწის სილამაზე.
2019 წელს ანტონი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარეს, მონაწილეობდა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებშიც.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველი წუთიდან კაპიტანი ანტონ ლისტოპადი უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძოდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა ის გამბედაობის, ვაჟკაცობისა და პროფესიონალიზმისთვის ორდენით დააჯილდოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში