რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინის საზღვრიდან, წვრთნებში მონაწილე სამხედრო დანაყოფების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ვიდეომასალას სააგენტო Tass ავრცელებს.
უწყების სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო ფორმირებები რკინიგზის სადგურებისკენ და აეროდრომებისკენ მიდიან, სამხედრო აღჭურვილობა სადესანტო გემებზე, სარკინიგზო ბაქნებსა და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებში იტვირთება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სამხედრო წვრთნების დასრულების შესახებ გუშინ განაცხადა და სამხედრო დანაყოფებს უბრძანა, მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ. შოიგუ ამბობდა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების გაყვანას უკრაინის საზღვრიდან პარასკევს დაიწყებდა.
მისი თქმით, მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმებები წარმატებით დასრულდა და ჯარებმა აჩვენა, რომ ქვეყნის საიმედოდ დაცვა შეუძლია.