National Geographic საქართველომ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის პრეზენტაცია გამართა.
2019 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას პირველად წარუდგინეს რუკის ბეჭდური და მუდმივადი განვითარებადი ორენოვანი ელექტრონული ვერსია. აღნიშნული პროექტი რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომელიც National Geographic Magazine – საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა.
ღონისძიება გახსნეს: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ; National Geographic Magazine – საქართველოს მთავარმა რედაქტორმა, ნათია ხულუზაურმა; GIZ საქართველოს ქვეყნის დირექტორმა, ბატონმა კარლ ტესტენსენმა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის განვითარებადი, ინტერაქტიული ვებგვერდი. პირველ ეტაპზე, რუკაზე დაიტანეს სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების, ძირითადად საქართველოში, გავრცელებულ სახეობათა 120 ილუსტრაცია და ის სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს აუცილებელ, პირველად ინფორმაციას მიაწვდის კონკრეტული სახეობის შესახებ, რომელიც მიმართულების სპეციალისტის მიერ არის მომზადებული. თითოეული სახეობის გვერდს აქვს ჩამოტვირთვა/ამობეჭდვის ფუნქცია, რაც მასალის შეგროვების თვალსაზრისით დაინტერესებული მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მოხერხებული იქნება.
პროექტის სამეცნიერო ნაწილზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებთან ერთად იმუშავეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმაც.
რუკის ვებ-გვერდი შექმნა კომპანია webintelligence-მა.
რუკა დაყოფილია კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაში დარგის სპეციალისტის მიერ შეირჩა ის სახეობები, რომლებიც პირველ ეტაპზე იქნა დატანილი: 11 თევზი, 16 ფრინველი, 30 მცენარე, 19 მწერი, 17 ძუძუმწოვარი, 15 ქვეწარმავალი, 6 ამფიბია, 2 მოლუსკი და 4 ნამარხი ფლორა და ფაუნა. სწორედ ამ დარგის სპეციალისტებისა და National Geographic Magazine-ის ადგილობრივი და ამერიკელი არტ-რედაქტორების ხელმძღვანელობით იმუშავეს ილუსტრატორებმა.
სამომავლოდ იგეგმება, როგორც სახეობების დამატება, ასევე არეალის გაზრდა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე მეტი ლოკაციის მონიშვნა.
ელექტრონული რუკის პარალელურად შეიქმნა რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსიაც (ზომით 3მx1.5მ). ამასთან დამონტაჟებული ე.წ. „თაჩ-სქრინები“ საშუალებას იძლევა მოიძიოთ მეტი ინფორმაცია რუკის ელ. ვერსიაში.
იგეგმება ბეჭდური რუკის მცირე ვერსიის მომზადებაც, რომელიც გავრცელდება სკოლებში.
სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკის ორივე – ბეჭდური და ელ. ვერსია სკოლების საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი შეიძლება გახდეს, რადგან მისი საშუალებით ბიოლოგიის მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ თვალსაჩინოდ და მარტივად აუხსნან მოსწავლეებს ამა თუ იმ სახეობის შესახებ ახალი მასალა. მოსწავლეებმა კი გამოიყენონ რუკა ამა თუ იმ მასალის მომზადებისას.
სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის მხარდაჭერით.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც ასევე აღინიშნება National Geographic Magazine – საქართველოს 7 წლის იუბილე.
National Geographic მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 36 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.