LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში პირველად ჩინურმა ავტომობილებმა იაპონურებს აჯობეს

101
1428x1428

სამხრეთ კორეის ავტო ბაზარზე ისტორიული ცვლილება დაფიქსირდა – 2026 წლის აპრილში ქვეყანაში პირველად გაიყიდა უფრო მეტი ჩინური წარმოების ავტომობილი, ვიდრე იაპონური ბრენდების. ამის შესახებ კორეის იმპორტირებული ავტომობილების ასოციაციის (KAIDA) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან.

აპრილში სამხრეთ კორეაში ჩინური წარმოების 2 023 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 272.6%-იანი ზრდაა. შედეგად, ჩინურმა ავტომობილებმა ბაზრის 6% დაიკავეს.

ამავე პერიოდში იაპონური ბრენდების გაყიდვებმა 1 974 ერთეული შეადგინა, რაც ბაზრის 5.8%-ს უდრის. სხვაობამ მხოლოდ 49 ავტომობილი შეადგინა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩინელ მწარმოებლებს რეკორდი დაემყარებინათ.

ბაზარზე ლიდერის პოზიციას კვლავ ევროპული ავტომწარმოებლები ინარჩუნებენ – აპრილში მათ 16 835 ავტომობილი გაყიდეს. მეორე ადგილზე ამერიკული ბრენდები არიან 13 611 რეგისტრაციით.

ექსპერტების შეფასებით, ჩინური ავტოინდუსტრიის წარმატების მთავარი მიზეზი ელექტრომობილებისა და ახალი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილების სწრაფი პოპულარიზაციაა. თუ 2022 წელს ჩინური ელექტრომობილების წილი სამხრეთ კორეის ბაზარზე მხოლოდ 4.7% იყო, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 33.9%-მდე გაიზარდა. 2026 წლის პირველ კვარტალში კი ამ სეგმენტის გაყიდვები წლიურად 286.1%-ით გაიზარდა.

ჩინური ბრენდებიდან ყველაზე წარმატებული BYD აღმოჩნდა. კომპანიამ სამხრეთ კორეის ბაზარზე საქმიანობა 2025 წლის აპრილში დაიწყო და დღეს უკვე ისეთ მოდელებს ყიდის, როგორებიცაა BYD Atto 3, BYD Seal, BYD Sea Lion 07 და BYD Dolphin.

11 თვის განმავლობაში BYD-ის გაყიდვებმა 10 000 ავტომობილს გადააჭარბა, ხოლო მხოლოდ აპრილში კომპანიამ 2 000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, რაც მას ქვეყნის უმსხვილეს იმპორტიორ ბრენდებს შორის ადგილს აძლევს.

ჩინური ავტო ბრენდების ექსპანსია ამით არ სრულდება – სამხრეთ კორეაში მოთხოვნა იზრდება Zeekr-ის მოდელებზეც, ხოლო ბაზარზე შესასვლელად ემზადება XPeng.

ტენდენცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩინური ელექტრომობილები მსოფლიო ბაზრებზე სულ უფრო ძლიერ პოზიციებს იკავებენ და ტრადიციულ ავტო გიგანტებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ.