საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.

ჯგუფი ეწვია ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს.

პროექტის ფარგლებში Earthpix-ის ინსტაგრამ გვერდზე, რომელსაც 24 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, სამი თვის მანძილზე ათი რილსი, ათი სთორი და ერთი პირდაპირი ჩართვა განთავსდება.

Earthpix-ის გადამღები ჯგუფის წევრებს დაშბაშის კანიონზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა.

„Earthpix-ის გადამღებმა ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ბუნების, სტუმარმასპინძლობისა და გასტრონომიის შესაძლებლობებით“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

„ჩვენი მოგზაურობიდან გამოვარჩევდი თუშეთს, ის ძალიან ლამაზია. უნიკალურია ქართული სტუმარმასპინძლობაც. ჩვენი პლატფორმის მომხმარებლებს ვურჩევდი, არ გაატარონ დიდი დრო ქალაქებში, ეწვიონ რეგიონებს, სოფლებს, სადაც მრავალსაუკუნოვან, ქვით აგებულ კოშკებს აღმოაჩენენ“, – აცხადებს Earthpix-ის დამფუძნებელი ერიკ დამიერი.
