LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამომავლო გეგმებს აწყობდა, ბეჯითად სწავლობდა, პროფესიის დაუფლებას გულმოდგინედ ცდილობდა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ცხოვრება“ – თსუ სტუდენტის, მიმი გიორგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

299
მიმი გიორგაძე

თსუ სტუდენტის, მარიამ (მიმი) გიორგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დღეს, 13.00 საათიდან თსუ მე-6 კორპუსში სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები პატივს მიაგებენ მარიამ გიორგაძის ხსოვნას.

„დიდი გულისტკივილით გვინდა გაუწყოთ ჩვენი სტუდენტის, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პირველკურსელის, მარიამ (მიმი) გიორგაძის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არაა, რაც სტუდენტი გახდა, მიმიმ (ასე უფრო იცნობდნენ მას) მოასწრო და თავი დაგვამახსოვრა თავისი სილაღით, გონიერებით, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულებით. მეგობრები მას ახასიათებენ როგორც გულისხმიერ, კეთილშობილ პიროვნებას, რომელიც ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, გულთან ახლოს მიჰქონდა სხვისი სატკივარი; ლექტორები კი იხსენებენ როგორც ინტერესიან, გულმოდგინე და პასუხისმგებლიან სტუდენტს, მუდამ გონივრული და სხარტი პასუხები რომ ჰქონდა კითხვებზე. სამომავლო გეგმებს აწყობდა, ბეჯითად სწავლობდა, პროფესიის დაუფლებას გულმოდგინედ ცდილობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ინება განგებამ. ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ცხოვრება, ამ გეგმებს კი განხორციელება აღარ ეწერა. ასე ნაადრევად არ უნდა გვტოვებდნენ მიმისნაირი ახალგაზრდები, სწორედ ისინი უნდა ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს…

ვუსამძიმრებთ მიმი გიორგაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. მისი ხსოვნა ჩვენს გულებში მუდამ დარჩება,“ – აღნიშნულია წერილში.

მიმი გიორგაძე ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის – მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“ – ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g