სოციალური საწარმო „ბაბალე“ 2014 წელს “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” მიერ შეიქმნა.
მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან. შემოქმედებითმა სივრცემ გააერთიანა სამხატვრო სახელოსნო – სასწავლო და სამუშაო პროცესისთვის და მაღაზია-სალონი, სადაც მომხმარებელს “ბაბალეში” შექმნილი პროდუქციის შეძენა შეუძლია.
შემოქმედებითი იდეების ავტორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც აქტიურად ერთვებიან “ბაბალეს” ყოველდღიურ საქმიანობაში.
„ბაბალეს“ მისიაა ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით.
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლია ტაბატაძე, „ბაბალეს“ დამფუძნებელი საუბრობს.
– თქვენ ერთ-ერთი ცნობილი სოციალური საწარმო ხართ, პირველი იყავით, რომელიც ამ მიმართულებით განვითარდით. როგორ მოხვედით აქამდე?
– მიხარია, როდესაც წარმატებულ და ცნობილ საწარმოდ მოგვიხსენიებენ, რადგან არ იყო ჩვენი გზა მარტივი. წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სირთულე გადავლახეთ, უბრალოდ მიზანი გვქონდა ძალიან ნათელი და კარგად გააზრებული. მოვახერხეთ, რომ „ბაბალე“ არსებობს, თავის სიტყვას ამბობს და მომავალშიც აუცილებლად იარსებებს.
„ბაბალეს“ დამფუძნებელია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“, რომელიც მშობლებმა დაარსეს, მეც ერთი მათგანი ვარ. ჩვენი მთავარი სატკივარი არის მომავლის შიში, თუ რა იქნება , როცა მე არ ვიქნები ჩემი შვილის გვერდით და როგორ უნდა იცხოვროს მან ამ საზოგადოებაში მშობლის მხარდაჭერის გარეშე.
იმ პერიოდში, როდესაც „ბაბალე“ დავაფუძნეთ, ჩვენს სივრცეში დაუნის სინდრომის მქონე დასაქმებული ადამიანი არ არსებობდა.
შესაბამისად ეს იყო ჩვენი მოტივაცია. ადამიანმა დამოუკიდებლად ცხოვრება რომ შეძლოს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, პროფესია და შეძლოს მუშაობა.
ზუსტად ეს მიზანი უდევს „ბაბალეს“ საფუძვლად.
სოციალური მეწარმეობა არის ჩვეულებრივი ბიზნესი და საქმიანობა. გარდა იმისა, რომ მოგებაზე იყოს ორიენტირებული, მთავარი მიზანია, სოციალური.
შესაბამისად ჩვენი საქმიანობა მარტივი არ იყო. ბევრმა შრომამ მოგვაპოვებინა წარმატება.
– საზოგადოებაში გარკვეული სტიგმაც არსებობდა. თუ გრძნობთ ამ ცვლილებას?
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უამრავ სტიგმას აწყდებოდნენ, ახლა პრობლემები ნაკლებადაა, თუმცა კიდევ რჩება.
მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ბავშვის დაბადების მომენტშიც კი სამშობიაროში მშობლებს ურჩევდნენ, რომ ბავშვი დაეტოვებინათ. მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის მათი არსებობა. საზოგადოებისგან რაც შეიძლება შორს უნდა ყოფილიყვნენ.
სურათი ნელ-ნელა იცვლება, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმებს მშობლებმა გავუწიეთ წინააღმდეგობა. ვთქვით, რომ ჩვენი შვილებიც ისეთივე ღირსეული მოქალაქეები არიან, როგორც სხვა დანარჩენი და ეს სტიგმები ერთად უნდა დავძლიოთ. ამ მიზნის მიღწევაში, „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ კამპანია დაგვეხმარა.
შეიცვალა ბევრი რამ, მათ შორის დამოკიდებულებები, დღეს აღარავის უკვირს, რომ ამ ადამიანებსაც უნდათ დამოუკიდებელი ცხოვრება და პროფესია, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ბაბალე“ ჩვენთვის არაა ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება, ასეთი ადამიანი დასაქმდეს, „ბაბალე“ ერთის მხრივ ასაქმებს და მეორეს მხრივ ეხმარება თავი დაიმკვიდრონ სხვაგან.
ამიტომ ჩვენ გვაქვს პროგრამა, ჩვენს მიერ გაწერილი და შექმნილი, სადაც პროფესიული უნარების განვითარებას ვუწყობთ ხელს, ვთანამშრომლობთ ბიზნესკომპანიებთან და ვეხმარებით სხვაგან დასაქმებაში და თავიდან ბოლომდე მივყვებით ამ ადამიანების სურვილებს.
– როგორც ვიცი, გაქვთ გარკვეული სიახლეები. „ბაბალეს“ წინდების შესახებ მგონი ყველამ იცის. სხვა რა პროდუქცია გაქვთ და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?
– ჩვენი მთავარი პროდუქციაა, ხელნაკეთი ნივთები. ძალიან დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.
ეს ნივთები არაა უფუნქციო, ძირითადად გამოყენებითი ხასიათი აქვს. ეს შეიძლება იყოს სურათის ჩარჩო, ჭურჭელი, ჩანთები, ამასთან საახალწლო და სააღდგომო ძალიან ბევრი თემა გვაქვს.
რაც შეეხება სიახლეებს, იგივე წინდებთან დაკავშირებითაც გვაქვს, შევქმენით კიდევ ახალი პროდუქტი წინდებზე ნახატები ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიერ შექმნილი ნახატების ინსპირაციითაა შექმნილი.
იგივე კონცეფციით შევქმენით ახალი ხაზი, სამზარეულოს აქსესუარები, სუფრები, წინსაფრები. ეს ყველაფერი ჯერ ახალი პროდუქტებია და საზოგადოებაში უკვე ძალიან დიდი ინტერესია.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ მუზეუმებთან და იმ გალერეებთან, სადაც ეს ნამუშევრები დაცულია და რა თქმა უნდა, ყველაფერი მათთან თანამშრომლობით ხორციელდება.
– რომელ პლატფორმებზე ყიდით თქვენს პროდუქციას?
-„ბაბალეს“ პროდუქტების გაყიდვა ხდება ფიზიკურ სივრცეშიც (ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე გვაქვს ოფისი, სადაც პროდუქციაც იყიდება). ჩვენი პროდუქტები „ბიბლუსის“ ქსელშიცაა გაშვებული და იქაც იყიდება, მათ შორის აეროპორტში. პანდემიის პერიოდში გავააქტიურეთ ონლაინპლატფორმები, გვაქვს ონლაინ მაღაზია „ბაბალე.გე“.
ჩვენი პროდუქცია ამერიკის „ამაზონზეც“ არის გატანილი.
– შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტზე გაგაქვთ პროდუქცია. მინდა გკითხოთ სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით, რთული პერიოდის გავლა მოგიწიათ, საზოგადოების ცნობიერებაც ამ მხრივ არ იყო ამაღლებული. თუ შეიცვალა ეს დამოკიდებულება და უფრო მეტი თუ ხვდება, რას გულისხმობს სოციალური საწარმო.
– თავიდან ძალიან ბევრი ვერ ხვდებოდა. ნელ-ნელა საზოგადოებამ გაიგო და მიხარია, რომ ბევრი სოციალური საწარმო ჩნდება ნელ-ნელა საქართველოში.
მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილია. ცდილობენ, ქართული პროდუქცია შეიძინონ და ამით მათი მხარდაჭერა გამოხატონ. თუმცა პოლიტიკის დონეზე ჯერჯერობით ცვლილება არ გვაქვს.
ერთი რამ შეიცვალა მხოლოდ. სახელმწიფო უფრო მეტი ყურადღებით გვისმენს, ვიდრე წლების წინ. ხუთი წელია, ვითხოვთ, რომ სოციალურ წარმოებას თავისი კანონი ჰქონდეს, რათა მომხმარებელმაც და რეგულირების სამსახურმაც ზუსტად იცოდეს, რომ უბრალოდ კი არ ვირქმევ სოციალურ საწარმოს, ნამდვილად ვართ, კანონით მონიჭებულ ჩემი ვალდებულებებით და უფლებებით.
ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ოფიციალურად გვაღიარებს და მომავალში ხელს შეგვიწყობს.