„მე სანდრო ქინქლაძის დედა ვარ. ყველას კომენტარი წავიკითხე, როგორ გყვარებიათ ჩემი ანარქისტი ანანია. მას სამშობლოს სიყვარულისთვის თავისუფლება აღუკვეთეს“, – ამის შესახებ 8 დეკემბერს დაკავებული აქტივისტის, სანდრო ქინქლაძის დედა, ნატო სალაყაია „ფეისბუკის“ ჯგუფში „დაიტოვე“ წერს.
ნატო სალაყაია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი ისტორიაში ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის წარმომადგენლების სახელით შევლენ:
„მე სანდრო ქინქლაძის დედა ვარ. ყველას კომენტარი წავიკითხე, როგორ გყვარებიათ ჩემი ანარქისტი ანანია. მას სამშობლოს სიყვარულისთვის თავისუფლება აღუკვეთეს. ეს უსამართლობაა. უსამართლობისთვის მებრძოლი მრავალი გმირი ახსოვს საქართველოს. თქვენც შეხვალთ ისტორიაში, როგორც ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობა. ყველას უღრმესი მადლობა სანდროს ქომაგობისთვის. ჩემი გამხდარი ბიჭი რომ მიცემოს ვინმემ, რა ვქნა? ყველას დაგლოცავთ სანდროს თამადობით! გეცხოვროთ გაბრწყინებულ საქართველოში!“, – წერს სანდრო ქინქლაძის დედა, ნატო სალაყაია „ფეისბუკის“ ჯგუფში „დაიტოვე“.
ცნობისათვის, სანდრო ქინქლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დღით თავისუფლება აღუკვეთა. მას ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სანდრო ქინქლაძე 8 დეკემბრის ღამით, ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს.