საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი, პირველ მაისი – ვენა-თბილისი, 2 მაისი – პრაღა-თბილისი, 5 მაისი – ათენი-თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი – ბერლინი-თბილისი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 156 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი.
ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.