LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით – ომბუდსმენი

91
BeFunky-collage (1)

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

საქმე ეხება საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოების” პროგრამას, რომელსაც სტუდია “გუთნის” ხელმძღვანელი, ლექსო გელაშვილი უძღვება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეოთხე წელია ხორციელდება, მისი მიზანი კი “მომავალი თაობის ეროვნულად აღზრდაა.”

შესაბამისი განცხადება ომბუდსმენმა 25 დეკემბერს გაავრცელა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე.

“ამასთან, საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით. მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება. ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას.”- ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, შეისწავლის „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები.

“ასევე, შეაფასებს 2019 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებას,  რომლითაც სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი საგანი და ამ ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს, სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

პოპულალურები