საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. დღეს მამუკა ბახტაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება.
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, ნატალია საბანაძის განცხადებით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
ამასთან, საბანაძის ინფორმაციით, იოჰანეს ჰანის ინიციატივით სექტემბერში საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა იგეგმება.
„ეს არის, კომისარი, რომელიც კურირებს გაფართოების და სამეზობლო საკითხებს, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მასთან შეხვედრა. შეხვედრისას განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის ქოლგის გარშემო საქართველო გახდა ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირის. 10 წელი სრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, იქნება საუბარი მის მომავალზე. ასევე დახმარებებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იოჰანეს ჰანის პირადი ინიციატივა იყო ევროპული სკოლის გახსნა საქართველოში. სკოლის გახსნა საქართველოში სექტემბერში იგეგმება“,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.