თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ 2025-2026 სასწავლო წლისათვის მოსწავლეების მიღებას აცხადებს.
„ნიჭიერთა ათწლედში“ 2025-2026 სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება 2025 წლის 1 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით იწარმოებს.
„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწეული შედეგებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთ უნიკალურ კერას წარმოადგენს. ამ სკოლაში აღიზარდა კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში. „ათწლედი“ იყო და რჩება ქართული სამუსიკო ხელოვნების ძირითად დონორად, ე.წ. „ბრენდად“ და საშემსრულებლო ხელოვნების ფლაგმანად საქართველოში.
წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ 2025-2026 სასწავლო წლისათვის, მისაღები გამოცდების სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, შემდეგ განყოფილებებზე:
• საფორტეპიანო განყოფილება (I-X კლ.)
• სიმებიან-ხემიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, არფა, კლასიკური გიტარა, I-X კლ.)
• ჩასაბერი საკრავები (ხის და ლითონის, I-X კლ.)
• დასარტყამი საკრავები (I-X კლ.)
• ჯაზის ხელოვნება (IX კლასიდან)
• კლასიკური ვოკალი (IX კლასიდან, მოსწავლეები მიიღებიან 17-24 წლამდე)
• საგუნდო-სადირიჟორო (IX კლასიდან)
• კომპოზიცია (IX კლასიდან)
• თეორიული განყოფილება (IX კლასიდან)
საკონკურსო განაცხადების მიღების წესი:
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ მისაღები გამოცდების სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღებას განახორციელებს როგორც ელექტრონულად ელ. ფოსტის საშუალებით, ისე მატერიალური სახით.
განცხადებები მიიღება 2025 წლის 1 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით მითითებულ ელ. ფოსტაზე: [email protected]
„ნიჭიერთა ათწლედში“ მატერიალური სახით სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 11:00 -17:00 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ჭავჭავაძის ქ. N19.
ელექტრონული სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენა მოცემული დედლაინის ფარგლებში უნდა მოხდეს 2 ეტაპად:
1. აღნიშნულ ელ. ფოსტაზე [email protected] იგზავნება შევსებული სააპლიკაციო ფორმა, მოსწავლის დაბადების ან პირადობის მოწმობის ელექტრონული ვერსია (ფოტო სურათად ან დასკანერებული);
იხილეთ შესავსები სააპლიკაციო ფორმა აქ
2. მისაღებ გამოცდაზე მოსწავლემ კომისიას უნდა წარუდგინოს 1 ცალი ფოტო-სურათი (¾-ზე),
3. სკოლაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 2025 წლის ივნისის თვის დასაწყისში.
მისაღები გამოცდების პირობები და წარსადგენი პროგრამა:
• სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ მხოლოდ განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები (საქართველოს მოქალაქეები) მიიღებიან, რომელთაც შეაფასებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია;
I კლასში ყველა განყოფილებაზე შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მუსიკალური სმენა, მეხსიერება (მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ინტერვალებისა და აკორდების დაშლა და სიმღერა, უცნობი მელოდიის გამეორება), რიტმი (მოცემული რიტმის გამეორება ტაშით), ასევე მოსწავლემ აკომპანემენტის გარეშე უნდა შეასრულოს ერთი რომელიმე ცნობილი სიმღერა;
• სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” მისაღებ გამოცდაზე დაიშვებიან სასკოლო ასაკის მოსწავლეები 6-7 წლის ასაკიდან (I კლასში ჩამბარებელთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს);
• II-X კლასებში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდას სპეციალობაში:
საფორტეპიანო განყოფილების II-X კლასებში ჩამბარებელთათვის აუცილებელია შემდეგი ფორმის ნაწარმოებების შესრულება: 1. პოლიფონია 2. სონატური ფორმა, ვარიაციები, რონდო, საფ. კონცერტის I ან II-III ნაწ. 3. ეტიუდი 4. თავისუფალი ფორმის ნაწარმოები;
სიმებიან განყოფილებაზე
II-VII კლასებში (ვილონო, ალტი, ჩელოს კლასი, არფა, კლასიკური გიტარა) ჩამბარებელმა მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ 1. გამა, ეტიუდი, 2. ორი სხვადასხვა ხასიათის პიესა ან მსხვილი ფორმის ნაწარმოები (სონატა ან კონცერტის I ან II-III ნაწ.),
VIII-X კლასებში უნდა წარადგინონ: 1. ი.ს. ბახი – ორი ნაწილი სონატიდან, პარტიტიდან ან სიუიტიდან, 2. ერთი კაპრისი ან ერთი ეტიუდი, 3. კონცერტის I ან II-III ნაწ.);
ჩასაბერ და დასარტყამ საკრავებზე II-X კლასებში ჩამბარებელმა მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ თავისუფალი პროგრამა;
კლასიკური ვოკალის განყოფილებაზე მიიღებიან 17-24 წლამდე აპლიკანტები, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უნდა წარადგინონ ერთი ვოკალიზი ან თავისუფალი ფორმის ნაწარმოები;
საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე (IX კლასიდან) ჩამბარებელმა მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა შეასრულონ ერთი ნებისმიერი ორ, სამ ან ოთხმიანი საგუნდო ნაწარმოები (აკაპელა), ერთი ან ორი გვერდი. ასევე მოსწავლემ უნდა შეასრულოს ფორტეპიანოზე აღნიშნული ნაწარმოების პარტიტურა და იმღეროს ხმებში;
ჯაზის განყოფილებაზე ჩამბარებელმა მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა შეასრულონ ორი ჯაზსტანდარტი;
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში” სწავლების ხანგრძლივობა ძირითადად 12 წლიანია (ზოგ მიმართულებაზე სასწავლო კურსი 4-5 წელი).
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში” სწავლა უფასოა!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 2 98 36 96“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.