“სამწუხაროდ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის რეაგირება კვლავ არ იყო ვითარების ადეკვატური,” – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ბოკერია ოქტომბრის არჩვენების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ როდესაც ამ რეჟიმს საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას არჩევნებზე, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნება საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი:
“სამწუხაროდ, კვლავ არ იყო პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც მათ შორის”, – ამბობს ბოკერია.
შეგახსნებეთ, გუშინ “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
დღეს დოკუმენტის ავტორმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად. მისივე თქმით, საქართველოში, რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება.