ბრუკლინ ბექჰემი სოციალურ ქსელში ახალი კულინარიული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, გულშემატკივრების მხრიდან არაერთ მოწოდებას იღებს. ფანები მას მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან, ურთიერთობის აღდგენას სთხოვენ.
26 წლის დამწყებმა შეფმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გააზიარა, სადაც ლუდში დამარინადებულ ქათამს, კარტოფილის პიურესა და ბოსტნეულს ამზადებს. ვიდეოს თან ერთოდა მოკლე მილოცვა: „გილოცავთ დღესასწაულებს“.
თუმცა, კომენტარებში ყურადღება მის კულინარიულ უნარებზე ნაკლებად გამახვილდა. მომხმარებლების დიდი ნაწილი ბრუკლინს მოუწოდებდა, დაუკავშირდეს მშობლებს და ოჯახური კონფლიქტის დასრულება სცადოს.
„სამზარეულოში ტრიალს ჯობია მშობლებს შეურიგდე“, „არ გვაინტერესებს შენი კერძები“,„დედას და მამას შეურიგდე ჯობია“, – არ წყდება კომენტარები
ცნობისთვის, ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, უკვე დიდი ხანია ოჯახის შიდა დაპირისპირების ცენტრში არიან. კონფლიქტის შედეგად წყვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბექჰემების ოჯახის არცერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას არ დასწრებია.
წყაროს ცნობით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძიმეა დევიდისა და ვიქტორიასთვის. ბრუკლინი დღესასწაულებს ნიკოლასთან და მის ოჯახთან ერთად მაიამიში გაატარებს, მაშინ როცა ბექჰემების დანარჩენი ოჯახი ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში შეიკრიბება.