21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
თბილისის მერიის ცნობით, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასევე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.
თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელებიც მიიღებენ.
მატჩის შესახებ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერიც ესწრებოდა. შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა:
„ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის” მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე, ერთი მანჩესტერში მოგებული და მეორე – ათენში. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მქონდა შესაძლებლობა, საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა აქ. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა „ჩემპიონთა ლიგის” მოგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს, თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას „მილანთან” ერთად.
რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრას, მასში მონაწილეობას „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები მიიღებენ: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, იხილონ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
🔴⚫️ საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება.
Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2024