Wally ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-ის ონლაინ გალერეაა. მისი მიზანია თანამედროვე ქართველი ხელოვნების ნამუშევრები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და არტის ყიდვის და გაყიდვის პროცესი გამარტივდეს.
“ბიზნესკურიერის” სტუმარია პროექტის იდეის ავტორი და დამფუძნებელი გვანცა კიკალიშვილი.
– არტი ძალიან მიყვარს, არ ვიქნები გამორჩეული თუ ამას ხაზგასმით აღვნიშნავ. დაახლოებით 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ჰობი პროფესიადაც მექცია და ჰოლანდიაში გავემგზავრე და ხელოვნების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე ვისწავლე.
დავბრუნდი საქართველოში და გავაკეთე Art Inception-ი, რომელიც პანდემიურ გარემოში მიზნად ისახავდა ქართველი ხელოვანების ინტერნაციონალიზაციას. მინდა, გლობალურ რუკაზე ჩვენც კარგად ვჩანდეთ.
Art Inception-ს, ისევე როგორც ყველა სახელოვნებო პროექტს, სჭირდება კომერციული პროექტი, თავისივე შემოსავალი იმისთვის, რომ გააგრძელოს მუშაობა და ამიტომ შეიქმნა Wally – ჩვენი ონლაინ გალერეა.
როდესაც ჰოლანდიაში ვსწავლობდი, ერთ-ერთი საგნისთვის საფინალო გამოცდისთვის დავწერეთ ეს პროექტი. მაშინ უბრალოდ არ ვიცოდი, რომ მისი სახელი Wally იქნებოდა. ახლა ეს ნაფიქრი რეალობაში გადმოვიტანე.
-რას აკეთებს Wally, უფრო ვრცლად მოგვიყევი. საინტერესოა, თქვენი დახმარებით როგორ შეგვიძლია, რომ ვიყიდოთ ან გავყიდოთ ხელოვნების ნიმუში.
-ონლაინ შესყიდვები და ყველა ის ქცევა, რომელიც თანამედროვე ადამიანს აქვს, ჩვენ გადმოვიტანეთ არტში. როგორც ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ყიდულობთ ონლაინ, იგივე პროცედურა უნდა გაიაროთ ჩვენთანაც.
ყოველგვარი ბარიერების გარეშე, შედიხართ, ათვალიერებთ, იღებთ ინფორმაციას და დააჭერთ ყიდვის ღილაკს და დაახლოებით 48 საათი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ნამუშევარი თქვენს კედელზე იყოს.
დღეს თანამედროვე ადამიანს აქვს ძალიან ცოტა დრო, მეორე, მას აღარ სჭირდება ხელოვნური ბარიერები იმისთვის, რომ „არტი“ იყიდოს.
ჩემი მთავარი მოტივაციაც ეს იყო, რომ სადღაც კი არ წახვიდე, გალერეაში, არამედ ხელოვნების ყიდვა მაშინ გადაწყვიტო, როცა შენთვის კომფორტულია.
-როდესაც ნახატს ყიდულობ, პირადად ნახვა არის მნიშვნელოვანი თემა. ეს გამოწვევა როგორ დაიძლია თქვენს შემთხვევაში?
-ამას ხშირად ამბობენ, მაგრამ მომხმარებლის ქცევას თუ დავუბრუნდებით, ძალიან ხშირად ჩვენ ვყიდულობთ ხოლმე „არტს“, საზღვარგარეთიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ არ გვაქვს შანსი, რომ ეს რეალობაში ვნახოთ.
მგონია, რომ ეს თემა ძალიან აქტუალური აღარ იქნება.ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომელიც ჩვენს ვებგვერდს ძალიან მალე დაემატება. რასაც შეიძენთ, იმ დღეს მოგიტანთ და თქვენს სივრცეში დავკიდებთ.
შეთავაზებას ჰქვია, „სანამ იყიდი, სცადე“. ამ შემთხვევაში ნამუშევარი სამი დღის განმავლობაში იქნება თქვენთან და თქვენ ხედავთ, უხდება თუ არა ნახატი თქვენს სივრცეს, მოგწონთ თუ არა, შეიყვარებთ თუ არა. და თუ საბოლოო ჯამში, არ მოგეწონებათ ნახატი, უკან დაგვიბრუნებთ და თანხაც, რასაკვირველია, უკან დაგიბრუნდებათ.
-როგორია ქართული ხელოვანების აქტიურობა? უცხოური ნახატები თუ გაქვთ. უცხოელებიც თუ ინტერესდებიან და საინტერესოა ფასები. რა ღირს საშუალოდ თქვენთან ნახატის შეძენა?
– Wally -ზე როდესაც ვსაუბრობ, ან ვწერთ ხოლმე, სულ აღვნიშნავ, რომ ეს არის ძალიან დემოკრატიული სივრცე, რომელიც თავის ადგილს აძლევს ყველას, ვისაც უნდა,რომ ურთიერთობა ჰქონდეს „არტის“ მოყვარულთან.
ჩვენ მომხმარებლებს არ ვეძახით, ვეძახით „არტის“ მოყვარულებს, ვინცWally -ზე ნახატს იყიდიან.
ინტერესი, რა თქმა უნდა, არის. თუმცა ჩვენ მაინც გვყავს კომპეტენტური გუნდი და მათი შეფასების ფილტრი.
და გვაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი რასაც Wally -იდან შეიძენთ, არის მაღალი ხარისხის და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნახატი ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ხედავთ ნამუშევარს.
ნამუშევარს თუ უწერია, რომ აქვს ჩარჩო, მას აუცილებლად აქვს ჩარჩო და თუ არ აქვს ჩარჩო, ამასაც აუცილებლად ვუთითებთ.
ინტერესი არის და რა თქმა უნდა, Wally იმუშავებს უცხოელებთანაც და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ახლა ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ დუბლინელ მხატვართან და იმედი მაქვს, მას მალე წარვადგენთ.
ფასებიც დემოკრატიული გვაქვს. მჯერა, რომ „არტის“ საყიდლად ძალიან ბევრი ფული არაა საჭირო.
მთავარია სურვილი.ჩვენ გვაქვს, როგორც ორიგინალური ნამუშევრები, ასევე გვაქვს პრინტები, ფოტოები და მალე პოსტერებიც გვექნება.
გულწრფელად მინდა, Wally -ზე ადამიანი რომ შემოვა, ჰქონდეს განცდა, ამის ყიდვა, მეც ხომ შემიძლიაო.
აქამდე არსებობდა სტერეოტიპი და არაა აუცილებელი, მდიდარი იყო იმისთვის, რომ ეს იყიდო.
-ნამდვილად არაა აუცილებელი, მილიონერი იყო, სახლში ნახატი რომ გეკიდოს.
-ნამდვილად. მსოფლიოშიც ასეა. არაა საჭირო მდიდარი იყო, შენს სახლში ლამაზი ნახატი რომ გქონდეს.
მსოფლიო არტ ბაზრის 3 %-ია, რასაც სოტბისა და ან „კრისტის“ აუქციონებზე ვხედავთ. დანარჩენი 3000 ევრომდე ღირს ნამუშევრები.
– მყიდველი შესაძლოა, ვერ ერკვეოდეს და არ იცნობდეს ნამუშევარს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც Wally და Art Inception-ი სთავაზობს მომხმარებელს…
– Wally-ზე რომ შემოხვალ, დარწმუნებული იქნები, რომ ხარისხიან პროდუქციას ყიდულობ.
თანამედროვე არტში, ამბის თხრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანებს აინტერესებთ, ვინ არიან ისინი, ვინც ამ ნამუშევრებს ქმნიან.
ამიტომ Wally-ზე როგორც ნამუშევარს, ასევე ამბის თხრობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
ვინც ინსტაგრამ გვერდს ესტუმრება, ჩვენს მხატვრებს გაეცნობა. ინსტაგრამგვერდზე მათი ფოტოები გვაქვს ატვირთული, რადგან დაინახონ რეალურად, ვინც ამ ნამუშევრებს ქმნიან.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მონაცემების ნაწილში ვუყუროთ და დავაკვირდეთ ჩვენს მომხმარებელს. როდის შემოდის ჩვენს გვერდზე. რომელ ნამუშევართან ჩერდება, რომელი იწვევს უფრო ინტერესს. ეს დაგვეხმარება არტის მომხმარებლების უკეთ გაცნობისთვის და ტენდენციებიც გამოიკვეთება.
