დიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მანამდე, სანამ პუტინი უდანაშაულო უკრაინელებზე ბარბაროსულ თავდასხმას განაგრძობს, დიდი ბრიტანეთი ყველაფერს იღონებს, რომ პუტინს და მის საომარ მანქანას მაქსიმალური ეკონომიკური ტკივილი მიაყენონ:
“დღეს საღამოს ჩვენ სანქციები დავაწესეთ კრემლის თანამოაზრეების – ალიშერ უსმანოვისა და იგორ შუვალოვისთვის.
სანამ პუტინი განაგრძობს თავის ბარბაროსულ თავდასხმას უდანაშაულო უკრაინელებზე, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ძალის გამოყენებას, რომ მაქსიმალური ეკონომიკური ტკივილი მივაყენოთ პუტინს და მის საომარ მანქანას”, – წერს ჯონსონი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ პუტინის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვსა და 19 რუს ბიზნესმენს სანქციებს უწესებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.