გასულ კვირას გამართულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე, ხანმოკლე ონლაინ სამიტზე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ წესით, სამიტს მხოლოდ ალიანსის წევრი, ასპირანტი ქვეყნები უნდა დასწრებოდნენ, ნატომ ეს ფორმატი შეცვალა – ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა, ხოლო მოგვიანებით გამოქვეყნებულ ნატო-ს კომუნიკეში საქართველოს შესახებ, მართალია უკვე მრავალგზის მოსმენილი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა.
ეს კი ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკას კვლავაც ინარჩუნებს, თუმცა, კონკრეტულს არაფერს ამბობს. ყოველ შემთხვევაში ასეთია დარგის ექსპერტებისა და ამ სფეროში მოღვაწე პოლიტიკოსების მოსაზრება.
ნატო-ს კომუნიკეს მნიშვნელოვან გზავნილებსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მთავარი საკითხები რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში – „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან ერთად“ სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის -„არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ შეაფასეს.
ნატო-ს 31-ე სამიტი – მთავარი გზავნილები და პერსპექტივა
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის -„არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად სამიტის ხანმოკლე ფორმატისა, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე საქართველოზე მსჯელობა გაიმართა. მისი აზრით, ალიანსის მთავარი სამიტი 2022 წელს გაიმართება, რომლის მთავარი მიზანი იქნება განსაზღვროს – თუ როგორი უნდა გახდეს 2030 წლისთვის ნატო.
როგორც ირაკლი ალადაშვილმა გადაცემაში – „კვირის თემა“ განაცხადა, რეალურად, ახლა ნატო კრიზისშია და ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. მისი შეფასებით, ნატო-ს ახლა რეფორმირება სჭირდება, მითუმეტეს, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ჩინეთი და თვით ირანი ქმნის, რომელმაც ბირთვული გამდიდრება დაიწყო.
„რაც შეეხება პრობლემებს, ეს ადრეც ასე იყო და როგორც ყოველთვის, ახლაც ასეა – ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი სამიტისთვის მეტს მივაღწიე, ცნობილი ციტატა რომ იციან: „რადარზე გამოვჩნდი“ და ამ დროს ოპოზიცია ამბობს, რომ „რადარიდან“ გაქრა,“ – თქვა ირაკლი ალადაშვილმა.
დასმულ შეკითხვაზე კი – რეალურად რა მთავარი გზავნილები გამოიკვეთა მიმდინარე სამიტის ფარგლებში და რა პრობლემების წინაშე დგას ამ შემთხვევაში კონკრეტულად საქართველო, „არსენალის“ რედაქტორმა ასე უპასუხა:
„საქართველო პრობლემებში იქნება, ისევე როგორც უკრაინა, რადგან ესაა რეალურად ის პრობლემა, რაზეც ნატო დღესაც თავს იმტვრევს. გახსოვთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც ჩვენც და უკრაინამაც მივიღეთ დათქმა, რომ ალიანსის წევრი გავხდებოდით, თუმცა, კიდევ კარგი, მათთვის სასიკეთოდ, თარიღი არ დააკონკრეტეს.
როგორც შემდეგ გამოჩნდა (არ ვიცი, სიჩქარე იყო თუ რა) 2010 წელს, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ აშშ-მ რუსეთს გააგებინა და არა მხოლოდ გააგებინა, რომ აგვისტოს ომში, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია მან დაიწყო,“ – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
საქართველო და უკრაინა – რუსეთის აგრესიის სამიზნე
„ასევე იყო 2014 წელსაც, ვგულისხმობ უკვე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. ორივე ეს აგრესია, იქნება ეს ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში თუ ყირიმის ანექსიის შემთხვევა, ასევე ის, რაც ახლა დონბასში ხდება, მიმართულია იმისთვის, რომ, საქართველოსა და უკრაინას მუდმივად პრობლემები ჰქონდეს – კონფლიქტები შეიარაღებული ან გაყინული სახით, რომ ნატო დაფიქრდეს და ეს ქვეყნები ალიანსში არ მიიღოს, ასე ვთქვათ – გაწევრიანებაზე დაფიქრდეს,“ – აღნიშნა ალადაშვილმა.
2008 წელს დადებული პირობა – „თავსატეხი“ ალიანსისთვის და უკრაინა/საქართველო ერთ ჭრილში?!
ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მოსაზრება – თითქოს, ალიანსისთვის უკრაინა ამ ეტაპზე, დღის წესრიგში უფრო მეტად დგას, ხოლო ჩვენთვის არაფერი იცვლება, მცდარია. მისი სიტყვებით, ოპოზიცია იმიტომაა ოპოზიცია, რომ ეს განაცხადოს.
როგორც ალადაშვილმა „კვირის თემაში“ განმარტა, უკრაინა ჩვენზე დიდია – ეს ერთი და მეორე ის პრობლემაა, რომ უშუალოდ ცეცხლი, ანუ ცხელი კონფლიქტი იქ მიმდინარეობს. ანუ, უკრაინა უფრო აქტუალურია, გვინდა ეს თუ არა.
„ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იქ ომია, ამიტომ განსხვავება დიდია. ის ახალი ამბავია, აქტუალურია და ამიტომაა ასე. რაც შეეხება საქართველოს, გინდ კანონებით, გინდ სამხედრო მიმართულებითა და რეფორმებით, ბევრად უფრო ახლოა ნატოს-თან, ვიდრე უკრაინა.
უკრაინასაც ახლა ომი აქვს, 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენც გვქონდა აქტუალური პერიოდი, იგივე ავღანეთში სამხედრო მისია და ერთობლივი სწავლებები, რა თქმა უნდა, ეს საკითხები ნატო-სთან უფრო გვაახლოებს,“- დასძინა ირაკლი ალადაშვილმა.
ალიანსს რეფორმირება სჭირდება – აქვს თუ არა მზაობა გაფართოებისთვის
„უფრო მეტსაც გეტყვით და ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ კი არა, თავად ნატო არაა მზად, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში მიიღოს,“ – განაცხადა გადაცემაში – „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან ერთად“ ირაკლი ალადაშვილმა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი ნატო საქართველოს მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა მე-5 პუნქტი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვის გულისხმობს, უნდა აამოქმედოს. ალადაშვილის შეფასებით, ნატო ამისთვის მზად არაა და ეს რეალობაა.
„დაიჯერებთ, რომ გერმანიასა და ბრიტანეთს, ერთად აღებულს, უფრო ნაკლები ტანკები აქვთ, ვიდრე სეპარატისტულ ლუგანსკსა და დონბასს, ასეთი ნიუანსებია, ამიტომაც ეს განსასაზღვრია და ამდენად, სანამ ნატო საკუთარი თავის რეფორმირებას არ მოახდენს, რა ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, გაფართოება ძალიან გაუჭირდება.
რაღაც უნდა შეცვალოს, თორემ მთელი დრო ავღანეთის მისიის მოხმარებაში დაიკარგა და ცოტა ხანში, იქნება ეს თვეებში, თუ წელიწადში, თალიბები ხელისუფლებას ისევ ხელში აიყვანენ. გამოდის, მილიარდები წყალში გადაიყარა.
დრო და ფული სწორად რომ დახარჯულიყო, ალიანსს შავი ზღვის ქვეყნების ნატო-ში გაფართოებაზე ეფიქრა და უკრაინა-საქართველო სამხრეთ კავკასიაში შემოსულიყო, დღეს ბევრად სხვანაირი იქნებოდა, ასე რომ ნატო-მ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა,“ – დასძინა წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ „არსენალის“ რედაქტორმა.
ბაიდენ-პუტინის პირველი შეხვედრა და მოსალოდნელი შედეგები საქართველოზე
„სანამ პუტინის აჩრდილი ნატო-ს თან სდევს, მანამ ალიანსი საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ვერ წყვეტს. ვგულისხმობ იმას, რომ ნატო რუსეთის გაღიზიანებას მარტო ყოველთვის მოერიდება. შესაძლოა მთლიანად ნატო არა, მაგრამ მისი წევრი ქვეყნები მოერიდებიან, როგორც ეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოხდა.
პირდაპირ გავხსნათ კარტები: ეს იყო გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და სხვები, რომლებსაც პუტინთან პირდაპირი კავშირი და თავიანთი ინტერესები ჰქონდათ, ეს დღემდე გრძელდება, ამიტომ იმის თქმა, რომ რაიმე კარდინალურად შეიცვლება, მგონია, რომ ასე არ იქნება,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა – გამოკვეთილი პოლიტიკა
რაც შეეხება ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ბაიდენმა პუტინს გადაბირება შესთავაზა და ეს უკვე მრავალგზის გავლილი, ნაცადი ხერხია.
„2011 წელს ობამა იყო, როცა მედვედევს ე.წ „პერეზაგრუზგა“ შესთავაზა და ამით რა მოიტანეს? – არაფერი, რუსეთი გაძლიერდა და გააკეთა, ის რაც გააკეთა: ყირიმის ოკუპაცია და ანექსია. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელზეა საუბარი, გვინდა თუ არა მეზობელია და მდებარეობას ვერ შევიცვლით.
რუსეთზე არაფერი მოქმედებს, ეს ისტორიულადაც ასე იყო, მას მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების ესმის, მაგრამ ნატო ამისთვის მზად არაა, რადგან დღეს, მეორე ცივი ომია დაწყებული, ის ერთიანობა კი, როცა აშშ-ს რეიგანის დროს, წამყვანი როლი ჰქონდა, დღეს ასე აღარაა და არც რეიგანის დონის ფიგურაა ვინმე.
არაა აუცილებელი აშშ-ს პრეზიდენტი იყოს, შესაძლოა სხვა ალიანსის წევრი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ლიდერი ფიგურა, მაგრამ ასე არაა. პუტინი მათთან შედარებით თავს ძლიერად გრძნობს და ეს წლებია გრძელდება, ის 21 წელია ქვეყნის სათავეშია,“ – აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
„განულებული პრეზიდენტი“ – პუტინი გავლენებს ინარჩუნებს?!
„არსენალის“ რედაქტორმა, წამყვანის შეკითხვის – რას შეცვლის გლობალურად გეოპოლიტიკურ ჭრილში პრეზიდენტების შეხვედრა და ამ შემთხვევაში რა გამოსავალი რჩება საქართველოს რუსეთის გავლენების ფონზე, ასე უპასუხა:
„პუტინს დღეს განულებულ პრეზიდენტსაც ეძახიან, რადგან მას ყველაფერი გაუნულეს, თუმცა, ტრამპსაც კი ზემოდან უყურებდა, დღესაც ასეა.. კი, ბაიდენი ტრამპი არაა, სხვა დონისაა და გამოცდილებაც შესაბამისი აქვს, მაგრამ ასაკი, მთავარი მაინც ესაა, ის საკმაოდ ასაკოვანია და გარდა ამისა, აშშ-ს თავისი შიდა პოლიტიკური ომი აქვს, რომელიც ბაიდენსა და ტრამპს შორისაა, რაც ცხადია, მოქმედებს.
გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინი ძლიერია გინდ კომპრომატებით, გინდ პირველ პირებზე გავლენების მოპოვებით, ამიტომ თავისი, კულუარული ბრძოლა მიდის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
არაფერი გზა არ გვრჩება, პირველ რიგში, ეკონომიკას უნდა მივხედოთ, ყველაფერს აშშ-სა და რუსეთს ვერ დავაბრალებთ, კანონს უნდა მივხედოთ, პოლიტიკოსებმა ერთმანეთი არ ჭამონ და ამ გაგებით დასავლეთისკენ გავიწიოთ,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების მზაობა ალიანსში წევრობის მოლოდინის კვალდაკვალ
ირაკლი ალადაშვილმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკაც გაიხსენა და თქვა, რომ არც ერთი მათგანი რაიმე მნიშვნელოვანი, ღია განცხადებით ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არ გამოსულა.
მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქართველოს მოქალაქეებში შემოიტანა განწყობა, რომ ნატო-ს წევრი გავხდებით და შესაბამისად, ხალხს მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, როგორც ალადაშვილმა თქვა, „გვირაბის ბოლოს სინათლის“ ლოდინში ხალხი დაიღალა.
წამყვანის რეპლიკას კი, რომელმაც ამ კონტექსტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტის მსვლელობისას გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა, ალადაშვილმა აღნიშნა, რომ არც მიხეილ სააკაშვილისა და არც შემდეგი ხელისუფლების პირობებში, ზელენსკის მსგავსი, ღია განცხადებით არავინ არ გამოსულა.
„შესაძლოა ეს სხვადასხვა მიზეზების გამო არ გაკეთებულა, მაგრამ ახლა იქ (უკრაინაში) ომია, თუმცა სხვა მდგომარეობაც უწყობს ხელს: კორუფცია უკრაინაში მეტია, (შესაძლოა ჩვენთანაც ხდება, ეს კიდევ გასარკვევია) თან ყველაზე უარესი ისაა, რომ თავდაცვისა და გენშტაბის უფროსი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და შუამავლის საშუალებით ეკონტაქტებიან, ასეთმა ქვეყანამ რომ ომი მოიგოს, რთულია,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა და დასძინა, რომ ახლა ნატო-ს იმედი კია არ უნდა ვიქონიოთ, ჩვენს თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ.
კომუნიკეს მნიშვნელოვანი გზავნილები – რა მოგვცა დოკუმენტმა
ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ის 4-5 ძირითადი გზავნილი, რაზეც ყურადღება კომუნიკეს ტექსტში გამახვილდა, მისასალმებელი და კარგია. „არსენალის“ რედაქტორის თქმით, უკუსვლა არ მომხდარა.
„ითქვა, რომ ნატო-ს თავისი სიტყვა უკან არ მიაქვს და საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპაციას.
არც ავღანეთის მისიაა დაკარგული და ესეც ძალიან კარგია. ეს მიმართულებები არის, თუმცა ტრადიციული მოთხოვნაა: დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ჯარის მეტი რეფორმები და ეს ასეც უნდა ხდებოდეს, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვების დონეზე რჩება.
სანამ ნატო-ს კოლექტიური ქოლგა საქართველოს არ ეფარება, მანამდე ეს მხოლოდ რიტორიკულ სიტყვებად რჩება. არ მინდა ვთქვა, მაგრამ მოსახლეობას უკვე ანეკდოტად აქვს შეშფოთება-აღშფოთების საკითხი. ნუ, მოწინააღმდეგის ტანკს რომ შეშფოთებით ვერ ააფეთქებ და აღშფოთების ტიპის რაკეტით ვერ ჩამოაგდებ, ეს ხომ ცხადია,“ – თქვა ირაკლი ალადაშვილმა.
გადაცემის მეორე ბლოკში ნატო-ს კომუნიკესა და ბაიდენი-პუტინის შეხვედრის გზავნილებზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა.
საგულისხმო გარემოება – საქართველო და უკრაინა ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში
თეონა აქუბარდიას შეფასებით, საგულისხმოა გარემოებაა ის, რომ მიუხედავად ფორმატისა, სამიტის დღის წესრიგში საქართველოც იყო და ამან გარკვეული შედეგებიც მოიტანა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები არ არიან, ჩვენ დღის წესრიგში სამიტზე მაინც ვიყავით და ეს ძალიან კარგია.
„სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში, სხვადასხვა პარტიების ერთობლივი მიმართვის ხელმოწერა, ნატო-ს სამიტის წინ მოხდა, რაც პოლიტიკური კრიზისის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.
გამომდინარე იქიდან, რომ ნატო-ს წევრობა ჩვენი ეროვნული არჩევანი და მოსახლეობის ინტერესია, ეს ერთობლივი მიმართვაც, ამ ერთიანი სულისკვეთების ასახვა იყო, სადაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ საქართველოს საკითხი დეკლარაციაში მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ყოფილიყო, ეს ასეც მოხდა,“ – განაცხადა გადაცემაში – „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან ერთად“ თეონა აქუბარდიამ.
რა გავიგეთ ახალი ალიანსის კომუნიკეს ტექსტიდან
„რა თქმა უნდა, ეს გაფართოებისა და მაპის მინიჭების სამიტი არ იყო და შესაბამისად, ამის მოლოდინიც არც ყოფილა, თუმცა გამეორებული იყო ყველა ის ჩანაწერი, რაც ნატო-ს საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდა და ეს ასეც მოხდა, ერთი იმ განსხვავებით, რომ ტექსტში პირველად გაჩნდა შიდა პოლიტიკური, ე.წ შარლ მიშელის შეთანხმება,“ – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
მისი სიტყვებით, ნატო-ს კომუნიკეს ტექსტში პირდაპირ წერია, რომ ამ შეთანხმების შესრულება არის გზა ნატო-ში წევრობისკენ. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ წამყვანს უთხრა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა ამ შეთანხმების შესრულებაზე ვსაუბრობთ, დოკუმენტში პირდაპირაა ნათქვამი დემოკრატიული რეფორმების განვითარება, რაც თავის მხრივ სასამართლო რეფორმას მოიცავს.
„ვიცით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და სასამართლოში კლანია, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ იყო განმეორებული. ასევე საარჩევნო გარემო, რომელმაც ლეგიტიმაციის გარეშე გაიარა.
ამ შეთანხმების ხელმომწერებს და მათ შორის, „ქართულ ოცნებას“ გვაკისრია პასუხისმგებლობა – შევასრულოთ დანაპირები არა მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გატარდეს, არამედ იმისთვის, რომ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გავხდეთ,“ – განაცხადა აქუბარდიამ.
რა იყო მნიშვნელოვანი სამიტიდან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის შეფასებით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და ესფაქტი ალიანსში ბოლო ორი წევრის გაწევრიანებითაც დასტურდება.
მისი თქმით, კომუნიკეში ასევე აღნიშნულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და ეს აქუბარდიას აზრით, დამოკიდებული იქნება იმ შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ ალიანსის წევრებისგან მივიღებთ.
„აქ საუბარია იმაზე, რომ ნატო სამხედრო ალიანსია და მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნები წევრიანდებიან. ამდენად, დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, მნიშვნელოვანია სამხედრო რეფორმებიც, რომელიც ალიანსში წევრობისთვის გასაღებია.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რუსეთს ვეტოს თქმის უფლება, ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებაზე არ აქვს. შესაბამისად, ამ ყველაფრიდან ორი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ – ერთი ის, რომ ჩვენ, ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ და მეორე, რეფორმების განხორციელების ნაწილი,“ – განაცხადა აქუბარდიამ “ფორტუნას” ეთერში.
რა უნდა გავაკეთოთ მაპის მისაღებად
თეონა აქუბარდიას თქმით, საამისოდ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. იმისთვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მაპის მონიჭებისთვის მომზადდეს, რაც სამოქმედო გეგმაა და რის გარეშეც ალიანსში არ მიგვიღებენ.
„ეს კომუნიკეში კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩაიწერა – რომ მაპი არის გზა ნატო-ში წევრობისკენ. გახსოვთ 2016 წელი, როცა საუბარი იყო იმაზე, რომ მაპი საჭირო არაა, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ხაზგასმით გამოიკვეთა,“- თქვა აქუბარდიამ.
რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი
თეონა აქუბარდიას თქმით, როდესაც საუბარია ალიანსში გაწევრიანებაზე, კერძოდ კი, რა არის სამოქმედო გეგმა, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს ქვეყანას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მიენიჭა. მისივე სიტყვებით, პაკეტში კონკრეტული მიმართულებებია – იქნება ეს სტრატეგიული კომუნიკაცია, კიბერუსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები თუ სხვა, რომელიც საქართველომ ალიანსში გაწევრიანების მიზნით უნდა განახორციელოს.
„2016 წელს კი გვითხრეს, რომ ქვეყანას ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს. ჩვენ რომ მაპი გვქონოდა, ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, თუმცა, ალიანსში წევრობა მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,“ – დასძინა მან.
მთავარი საზრუნავი და მომავლის პერსპექტივა ალიანში გაწევრიანების გზაზე
რა უნდა იყოს მთავარი საზრუნავი და როგორ უნდა მივაწოდოთ საქართველო ალიანსს განსხვავებულად? – წამყვანის ამ შეკითხვაზე თეონა აქუბარდიამ ასე უპასუხა:
„დავიწყოთ იმით, რომ საქართველო წლების მანძილზე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა, თუმცა, საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მიმღები არაა. ჩვენთვის ალიანსში წევრობა 2 რამის გამოა მნიშვნელოვანი: ალიანსი – ესაა დემოკრატიული ქვეყნების კლუბი და ქვეყანა არის რუსეთის მხრიდან მოწყვლადი, ამ კუთხით აქტიური სამუშაოა,“ – თქვა აქუბარდიამ.
მან ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტიც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, საქართველოში შედგა და სადაც საკითხი დადგა, რომ ოკუპაციის ნაწილში ნატოს-თან მიმართებაში უნდა გვემსჯელა.
აქუბარდიას თქმით, მაშინ ეს მსჯელობა არ გაგრძელებულა, არადა არსებობს კონკრეტული ალიანსის წევრი ქვეყნები, რომელთა შემთხვევაშიც მე-5 მუხლი არ განხორციელდა. მაგალითად: დიდი ბრიტანეთი – ფოლკლენდის კუნძულებზე ეს მუხლი არ ვრცელდება.
„ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრია სამსჯელო, ისევე როგორც სამუშაო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ეროვნული ამოცანაა, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან უფრო მეტი აქცენტი ევროკავშირის წევრობაზე კეთდება, ვიდრე ნატო-ზე.
ამასთან ერთად, აღარ არის საუბარი იმ წევრ ქვეყნებთან, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, რომელთა გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ გადაცემაში – „კვირის თემა.“
მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა
„მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა და ასევე ის, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა რუსეთის გამო,“ – დასძინა თეონა აქუბარდიამ.
მისი შეფასებით, თუ საქართველო ნატო-ს წევრი იქნება, რეგიონი უსაფრთხოების კუთხით უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და სტაბილური იქნება, ვიდრე ის, დღესაა. ამდენად, აქუბარდიას სიტყვებით, ძალიან ბევრი სამუშაო იმის საჩვენებლად, თუ რა სარგებელს ნახავს ნატო საქართველოს წევრობით.
„ბოლო ორი წევრი, რომელიც ალიანსის ნაწილი გახდა, რუსეთის წინააღმდეგობის ფონზე გახდა. ამ კუთხით მონტენეგროს შემთხვევა მნიშვნელოვანია. როდესაც საუბარი შედარებაზეა, ამ ქვეყანაში საოკუპაციო ჯარები არ იდგენენ, თუმცა, მიუხედავად რუსეთის სურვილისა, ისინი დღეს წევრები არიან.
ნატომ აღმოსავლეთის ქვეყნებში გაფართოება დაიწყო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ეს სამუშაო, მათი წევრობის წინაპირობა გახდა და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითი უნდა იყოს.
ამასთანავე, მსოფლიო უნდა მოვამზადოთ პოლიტიკური ნებისთვის, რაც ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებას ეხება. მუშაობასთან ერთად კი, დაველოდოთ იმ ფანჯარას, რომელიც გაიღება და ეს გადაწყვეტილება, ყველა ნატო-ს წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს,“ – დასძინა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გეოპოლიტიკის შესაძლო ცვლილება პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის ფონზე
თეონა აქუბარდიას სიტყვებით, რუსეთი ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე ის მანამდე იყო – ის ერეოდა ამერიკის არჩევნებში, ახორციელებდა კიბერთავდასხმებს, რაც პუტინი-ბაიდენის შეხვედრის დროსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დადგა.
როგორც თეონა აქუბარდიამ გადაცემაში თქვა, ეს საკითხი, ამერიკა-ევროკავშირის სამიტზეც იყო გაცხადებული და აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული რეფორმები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები დასავლეთისთვის, შეერთებული შტატებისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის, რომლის წევრობაც ჩვენც გვსურს, მთავარი ღირებულებაა.
„შესაბამისად, ბაიდენის ადმინისტრაცია საკმაოდ მკაფიო და ხისტი იქნება, როცა ამ ღირებულებების დარღვევაზე იქნება საუბარი – არამხოლოდ რუსეთის შემთხვევაში, არამედ დასავლეთის ქვეყნების მიმართაც. ბაიდენის განაცხადი, რომელიც ნავალნის მდგომარეობისა და კიბერუსაფრთხოების თემებს ეხებოდა, საკმაოდ მკაცრი იყო და ამ სივრცეში ის თავს, საკმაოდ ლაღად გრძნობდა.
საუბარი იყო იმაზე, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით კონკრეტული ფორმატები იქმნება, 6 თვის მანძილზე ექსპერტები დააკვირდებიან როგორ მოიქცევა რუსეთის ფედერაცია.
საგულისხმო იყო რუსეთისთვის ჩინეთის შეხსენებაც, რომლის გაძლიერების შემთხვევაშიც ბაიდენმა რუსეთის პერსპექტივაზე მიუთითა. ასევე იყო მუქარაც იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი შეთანხმებას არ დაემორჩილება, რამდენიმე წელში რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება,“ – დასძინა აქუბარდიამ.
შეხვედრის შესაძლო გავლენა და შედეგები საქართველოზე
თეონა აქუბარდიას თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან დახმარებას, როგორც სტრატეგიული რეფორმების კუთხით, ისე ეკონომიკური მიმართულებით.
მისი თქმით, კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლა, რაშიც შეერთებული შტატები კონკრეტული ფინანსური რესურსით გვეხმარება, ისევე როგორც ეროვნული მედეგობა, ე.წ რეზილიენსია, რომელიც ქვეყნებს რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომთან გასამკლავებლად ეხმარება.
როგორც აქუბარდიამ წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს მხარდაჭერა გაძლიერდება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
„ასევე ნიშანდობლივია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის საქართველოში ვიზიტის შემდგომ, სომხეთ-აზერბაიჯანის შორის საქართველოს მედიაციით ჰუმანური აქტი შედგა, როდესაც სომეხი ტყვეები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია,“ – დასძინა მან.
აქუბარდიას შეფასებით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის – მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ასევე ეს არის შესაძლებლობა დასავლეთისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველო საერთაშორისო არენაზე საკმაოდ პასიურია და ყველა ამ შესაძლებლობას არ იყენებს. ეს კიდევ ერთხელ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაში ჯდება, რასაც ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ მოუტანია. არის ბრეჟნევის მსგავსი პერიოდი, როცა ყველაფერი გაყინულია და ქვეყანას არანაირი წინსვლა არ აქვს, როგორც საერთაშორისო კუთხით, ისე შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ჩათვლით.
რა თქმა უნდა, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ ჩამყაყებული პოლიტიკიდან გამოვიდეთ და ვიყოთ აქტიურები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გავხდეთ,“ – დასძინა თეონა აქუბარდიამ გადაცემაში „კვირის თემა ნინი ხუგაშვილთან“ ერთად.
მისი აზრით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს საელჩოებიც, რადგან ჩვენ ალიანსს უნდა დავანახვოთ – რას მისცემს მას თავად საქართველოს წევრობა.
„აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი – რეგიონული უსაფრთხოება, ისევე როგორც დემოკრატიული ქვეყნების გავრცელება ნატო-ს საზღვართან. დღეს საზღვარი თურქეთზე გადის, თუმცა, საქართველო ღირებულებით კონტექსტში, ამ დემოკრატიულ ღირებულებებს იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ჩავარდნა გვქონდა,“ – განუცხადა წამყვანს თეონა აქუბარდიამ.