წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი “ცისკარი”, რომელიც აუქციონზე 160 000 ლარად გაიყიდა, მეორედ იყიდება.
სანატორიუმი აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა გაიტანა. როგორც ”ფორტუნას” სააგენტოში განუცხადეს, ლოტი შპს ”არგომ” შეიძინა, თუმცა, ხელშეკრულების პირობები ვერ შეასრულა და საპრივატიზებო თანხა ვერ წარადგინა.
შედეგად სანატორიუმი აუქციონზე 27 აპრილს მეორედ გავიდა. მისი საწყისი ღირებულება 150 000 ლარია. აუქციონი 11 მაისს დასრულდება.
საპრივატიზაციო ობიექტი წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარეობს და 13 165 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ასევე მასზე განთავსებულ ნახევრად დანგრეულ და დანგრეულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა-რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოეწყოს.
სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ყოფილი სანატორიუმი გაყიდა. სანატორიუმი “მეშახტის” ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი “ივერიის” ტერიტორიაზე ინვესტორები 6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტმა წყალტუბომ 80-ზე მეტ ახალი სამუშაო ადგილი და 260 სასტუმრო ნომერი უნდა მიიღოს.