პიანისტი სანდრო ნებიერიძე თავისი წარმატებების შესახებ საუბრობს:
„ცოტა არ იყოს, დიდი ხნის დუმილის შემდეგ გიბრუნდებით, ძვირფასო მეგობრებო – არაჩვეულებრივი ამბების და სიახლეების თანხლებით!
ძალიან დატვირთულმა ბოლო რამდენიმე თვემ გადასარევად ჩაიარა: ჩავატარე სოლო კონცერტები ორი უდიდესი კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში – Mecklenburg-Vorpommern და Kissinger Sommer – ასევე, ლეგენდარულ ვენის კონცერტჰაუსში ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად, ყველასათვის საყვარელი ლიზა ბათიაშვილის ფონდის გალა კონცერტზე მივიღე მონაწილეობა.
ამ ყველაფერთან ერთად, მოვასწარი და ჩავაბარე იტალიაში, კერძოდ ქალაქ იმოლაში – ერთ-ერთ საუკეთესო, საფორტეპიანო ოსტატობის აკადემიაში – სადაც ლეგენდარულ პროფესორთან, ბორის პეტრუშანსკისთან გავაგრძელებ სწავლას სულ რაღაც ორიოდე თვეში.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა: სულ რამდენიმე დღის წინ მიმიწვიეს ბერლინის კონცერტჰაუსში, Young Euro Classics 2023 ფესტივალზე, სადაც 19 აგვისტოს არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად მექნება პატივი შევასრულო ორი საკვანძო სცენა ჩემი კამერული ბალეტიდან – ოცნებების ახდენაც ასეთი უნდა!!
ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო, რამეთუ აეროპორტისკენ მიჭირავს გეზი და ნიდერლანდებში შოსტაკოვიჩის კვინტეტის რეპეტიციას უნდა ჩავუსწრო – დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალზე არაჩვეულებრივმა ნინო გვეტაძემ დამპატიჟა, სადაც შოსტაკოვიჩის გარდა, გუსტავ მალერის სიმღერების ციკლსაც და ნებიერიძე-ფალიაშვილის “დაისის” ტრანსკრიპციაც უნდა შევთავაზო მსმენელებს.
უი, და კიდევ – 28 ივლისს (ზეგ) ჰოლანდიის რადიოში NTR Podium-ის გადაცემაში ვარ მიწვეული, რის ლინკსაც აუცილებლად გაგიზიარებთ – გამახარებთ თუ მოგვისმენთ!
დროებით – სექტემბერში წინანდალში შევხვდებით!“