ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია იმის გამო, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა შესული. საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო კი ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები მცირდება, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად, „რონდელის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა ისაუბრა.
პოლიტიკურ კრიზისსზე საუბრისას კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს, რაც მისი შეფასებით, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რაც ქვეყანამ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების შედეგად მიიღოს.
„საქართველოში კომპრომისებზე ყოველთვის არ მიდიან და ხელისუფლებისთვის პერსპექტივები, რომელიც დასახული აქვთ 2024 წლისთვის – ევროკავშირში განაცხადის გაკეთება, ან საუბრები იმაზე, რომ შეიძლება დაჩქარდეს ჩვენი ნატოში ინტეგრაცია, მცირდება და დადის ნულამდე. ამ შემთხვევაში სანქციებზე საუბარი ნაადრევია. ევროკავშირი საქართველოს მიმართ სანქციებს ალბათ, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს, თუმცა, ქვეყანას ნაკლებ ზიანს არ მიაყენებს, თუ ევროკავშირის დახმარება შემცირდება. მაგალითად, ის ნაწილი დახმარების, რომელსაც ჩვენ წახალისების გამო გვაძლევენ, შეიძლება დაგვეკარგოს.
არსებობს ფორმულა „მეტი მეტისთვის“ – რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონს გვაძლევენ წელიწადში. იტყვიან, რომ წელს საქართველომ არ აჩვენა ისეთი პროგრესი, იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც სახსრები გამოვუყოთ…
ამ საფრთხეებს რამდენიმე დღის წინ მთავრობა ვერ ხედავდა, მაგრამ იმედია, ახლა უკვე ხედავს. მგონია, რომ ოპოზიცია ცოტა უფრო თავშეკავებული გახდა და მათ ჯერ არ მოუჭრიათ გზები, რადგან აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან“. – ამბობს „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი.
მისივე განმარტებით, კონსესუსის რესურსი არსებობს.
„ვფიქრობ, რომ აუცილებელია უფრო აქტიური ჩართვა არა მარტო ელჩების დონეზე. შესაძლებელია, სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნა მაგალითად, ევროკავშირიდან და შეიძლება შეერთებული შტატებიდან ვინმე მაღალჩინოსნის ჩამოსვლა სპეციალურად იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმართონ“. – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი ასე პასუხობს”
„შევუერთდები იმ ექსპერტების აზრს, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა მელიაზე აღძრული საქმე არ არის მთლად კვალიფიციურად აღძრული. თუ არის – რატომ მოხდა ასე დაგვიანებით განაჩენის გამოტანა? კრიზისის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, თუ აღძრეს საქმე, მაშინ ცოტა უფრო ინტენსიურად უნდა წარემართათ“. – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.