LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტას უკანასკნელი გოზინაყი: ქსენოფობია თუ ანტიდასავლური იდეა

54

„საახალწლო კლიპი ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ასევე სარეკლამო რგოლი შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს“ – ამის შესახებ „ფორტუნას“, სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ, „ნიუ სტუდიოს“ მიერ გადაღებულ საახალწლო კლიპზე კომენტირებისას განუცხადა.

„სანტას უკანასკნელი გოზინაყი“ – ასე ჰქვია „ნიუ სტუდიოს“ მიერ გადაღებულ ვიდეოს, სადაც, თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, გვამს აბაზანაში დებს, აღნიშნულ ფაქტს კი ბავშვი შეესწრება, რეკლამის ბოლოს სარკეზე ჩნდება წითელი ფერის წარწერა: „ნიუ სტუდიო“ გილოცავთ ქართულ ახალ წელს“.

რეკლამამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სახალხო დამცველის აპარატი კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ამზადებს. ომბუდსმენის მოადგილის, ეკა სხილაძის თქმით, ვიდეორგოლი მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე არასრულწლოვანზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზეც, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე.

„მოვუწოდებთ რეკლამის შემქმნელ და გამავრცელებელ ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ მისი ინტერნეტსივრციდან აღება, რადგან კლიპი ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ასევე სარეკლამო რგოლი შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს. რეკლამის ამ სახით განთავსება ინტერნეტ სივრცეში მიუღებელია. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამზადებს“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ეკა სხილაძემ.

რაც შეეხება სარეკლამო კლიპის რეჟისორს, დავით ჯიბლაძეს, მისი თქმით, რეკლამაში ანტიდასავლური იდეა იყო ჩაფიქრებული და ხალხმა სხვანაირად აღიქვა.

„თოვლის პაპა ბევრად რომ ჯობია სანტას, ეს იყო ჩაფიქრებული. ესაა ქართული ტრადიცია,“ – ამბობს დავით ჯიბლაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g