LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი რამ არის დიდი ხუთშაბათის მარილი, ის მოქმედებს ფინანსებზეც, ჩვენ შეგვიძლია ეს მარილი კერძებშიც გამოვიყენოთ, მას აქვს დამცავი, გამწმენდი, აღმდგენი ფუნქცია“ – ანზორ ოდიშარია

91
anzor

20 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა აღდგომის მისტერიები იყო. რადიოს მსმენელმა სხვადასხვა რეკომენდაციები მიიღო და გაეცნო მნიშვნელოვან რიტუალებს.

 დღეს აღდგომის მისტერიაზე ვსაუბრობთ…

-ახლა უცნაურ პერიოდში ვართ, განსაკუთრებულ ვნების კვირეულში და ეს ენერგიები ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. დავიწყოთ დიდი ხუთშაბათით, 21 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი და მისტიკურია, ამ პერიოდში შესაძლებელია საკუთარი თავის შეცვლა, მეტანოია, გარდაქმნა… ეს არის განწმენდის და განთავისუფლების დღე, იდეალური პერიოდია მავნე ზემოქმედების მოსაშორებლად. არსებობს გარკვეული ხერხები, რომლითაც შეგვიძლია გავიუმჯობესოთ ცხოვრება. დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით ალბათ გაგიგიათ, რომ ამ დღეს უნდა მოვწესრიგდეთ, შევიჭრათ თმა, ვიბანაოთ და ა.შ. სახლი მოწესრიგებული, დალაგებული, გასუფთავებული უნდა იყოს. ამ დღეს ფულს გადაითვლიან ხოლმე, რომ ის გაბევრდეს. ამ პერიოდში აგვარებენ ძველ კონფლიქტებს, ერთმანეთს შეუნდობენ და იწყებენ ცხოვრების ახალ პერიოდს, ახალ ურთიერთობას. ამ პერიოდში ძველი ტკივილი, განსაცდელი წარსულს ბარდება.

ახალი პერიოდი დიდი ხუთშაბათის შემდეგ იწყება. სასურველია, ამ დღეს დილაადრიან იბანაოთ. უნდა აიღოთ თასი, ჩაყაროთ მასში დიდი ხუთშაბათის მარილი, უნდა გადაივლოთ თავზე და შემდეგ ჩვეულებრივ უნდა იბანაოთ.  ამ დროს სასურველია მედიტაცია,  სიტყვების ან ლოცვის წარმოთქმა, რომ ამ წყალმა, ამ ენერგიამ ჩამორეცხოს  და წაიღოს თქვენგან ყველაფერი ის, რაც ხელს გიშლით. ამ დღეს წვერის და თმის შესწორება იმიტომ ხდება, რომ ის მეხსიერება, რომელიც თქვენს ორგანიზმში ჯანმრთელობის პრობლემას იწვევდა წავიდეს. საოცარი რამ არის დიდი ხუთშაბათის მარილი, ის მოქმედებს ფინანსებზეც, ჩვენ შეგვიძლია ეს მარილი კერძებშიც გამოვიყენოთ, მას აქვს დამცავი, გამწმენდი, აღმდგენი ფუნქცია, ამიტომაც სასურველია მისი დამზადება. მე მისი მომზადების მარტივ ტექნოლოგიას გასწავლით. მარილი დილით ერთი თასიდან მეორე თასში უნდა გადაყაროთ და მზის სხივებზე დადოთ და დატოვოთ ასე მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ღამე, როცა უკვე დიდი ხუთშაბათი შემოდის, ღამე გაიტანთ მარილს გარეთ და ღამიდან მოყოლებული მთელი დღის მანძილზე გარეთ დატოვებთ, რომ იკურთხოს. ამ მარილში ემატება მცენარე ბაია, ასევე უმნიშვნელო რაოდენობით შეგიძლიათ დაამატოთ ბზის ფოთლები, შეგიძლიათ აპკუროთ ნაკურთხი წყალი. საღამოს, სანამ მზე ჩავა, მარილს უნდა დაახუროთ თავსახური, შედგათ ბნელ ადგილას და შემდეგ უკვე საჭიროებისამებრ გამოიყენებთ მთელი წლის მანძილზე. ეს მარილი განსაკუთრებით კარგია ბავშვებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ჯანმრთელობის გაძლიერება, გონების გაძლიერება, ენერგია. გიცავთ ავი თვალისგან, ენერგო ვამპირებისგან და ა.შ. ეს არის საპროფილაქტიკო საშუალება, როგორც წამალი. თუ თქვენ აღდგომის პერიოდში ეკლესიაში იქნებით და არტოსის ნაწილს სახლში წამოიღებთ, შეგიძლიათ ისიც დაუმატოთ მარილს. თუ ცუდად იგრძნობთ თავს შეგიძლიათ ხელებზე დაიყაროთ და ხელები და სახე მოიბანოთ ამ მარილით. მთელი წლის მანძილზე ეს დაგეხმარებათ, რომ ენერგეტიკული დარტყმები აირიდოთ.

21 აპრილი ცვლილებების დღეა, ამიტომ თუ რამე შესაცვლელი, დასასრულებელი ან დასაწყები გაქვთ, ეს დღე ერთ-ერთი კარგი პერიოდია ამ ქმედებების განსახორციელებლად. ამ დღეს იმუხტება ფინანსური კუპიურაც. ამ დღის მანძილზე მთელი საფულე უნდა ამოალაგოთ, გაწმინდოთ, გაასუფთაოთ, ძველი მტვერი უნდა მოაშოროთ, შეიძლება საფულე ახალი იყოს, მაგრამ ეს ქმედება მაინც უნდა შეასრულოთ. თუ საფულეს არ იყენებთ, ის ადგილი უნდა გაასუფთაოთ, სადაც ფულს ინახავთ. გასუფთავების შემდეგ პირველად უნდა ჩავდოთ ახალი ფული, რომელიც იმ დღეს მიიღეთ, გამოიტანეთ ბანკომატიდან, ხურდაში დაგიბრუნეს თუ ა.შ. შემდეგ ემატება ყვავილი ბაია. ვისაც სურვილი აქვს ბზის ტოტის ჩადებაც შესაძლებელია. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე ისე ალაგებთ საფულეს, როგორც გქონდათ. ეს რიტუალი დილის პერიოდში უნდა ჩაატაროთ, რომ მაქსიმალურად მოიზიდოთ ფინანსური ენერგია. რაც შეეხება 22 აპრილს, ამ დღეს წითელი პარასკევია და ცოტა რთული დღეა ენერგეტიკულად. ამ დღეს მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს ყველა აქტიური ქმედება, ეცადეთ დრო ოჯახს დაუთმოთ და ჩაერთოთ სააღდგომო სამზადისში. ნუ დაიტვირთავთ თავს სხვადასხვა აქტივობებით. პარასკევს, შაბათს და კვირას რიტუალები დიდად არ ტარდება. ორშაბათამდე განახლების და თავიდან დაბადების პროცესი მიმდინარეობს, ამ პერიოდში მთავარია სულიერი სიმშვიდე, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ აგრესია. ამ პერიოდში ოჯახში ხშირია აგრესიის პროვოცირება, სხვადასხვა განსაცდელები… ასევე პარტნიორებს შორის წინ იწევს აგრესიული ფონი, შინაგანი კონფლიქტები, მოუწესრიგებლობა. ამ პერიოდში ხდება ადამიანში დაგროვილი ენერგიის გარდაქმნა, ახალ ეტაპზე გადაყვანა, რადგან აღდგომის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყება. ამ პერიოდში მაქსიმალურად წინდახედულები და ყურადღებიანები უნდა ვიყოთ,  რომ არ გაგვეპაროს რამე ისეთი ქმედება, რომელიც დაგვაზიანებს. ამ კვირაში ჩადენილი ყოველი ქმედება, კეთილიც და ბოროტიც ორმაგად დაგვიბრუნდება შემდეგი პერიოდის მანძილზე. თუ აგრესიულები, ნეგატიურები ვიქნებით, ამან შეიძლება შემდეგი თვე ნახევრის მანძილზე დაგვაზიანოს. შემდეგი ორშაბათიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია მშვიდად და ჰარმონიულად განვაახლოთ ჩვენი ცხოვრება. პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით თავი უნდა შეიკავოთ აქტიური ქმედებებისგან, აგრესიისგან და ა.შ.

 -რამდენად კარგია 21 აპრილს ფულის გაცემა, შენაძენის გაკეთება?

-მოწყალების თვალსაზრისით შეიძლება, რომ გაიცეს ფული, მაგრამ უფრო მეტად პასკას, კვერცხს და ა.შ გასცემენ ამ პერიოდში.

 -აღდგომის პერიოდში სასაფლაოზე გასვლის ტრადიციასაც შევეხოთ. რა სახით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?

-ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან სასაფლაოზე ხშირად ხდება ისეთი ქმედებები, რაც დაუშვებელია ეზოთერულადაც და რელიგიურადაც. დაუშვებელია სასაფლაოზე ჭამა-სმა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუ ჩვენს თავს არ ვუფრთხილდებით, იმათ მაინც გავუფრთხილდეთ, ვისზეც პასუხისმგებლები ვართ და ნამდვილად არ გვინდა, რომ ცუდი ჯანმრთელობა და რთული ბედისწერა ჰქონდეთ. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საფლავის დაბინძურება და რაღაცების მიყრა-მოყრა, სულები ამას აღიქვამენ, ამიტომაც მაქსიმალურად ეცადეთ, ცელოფნები იქნება თუ სხვა რამ, იქვე ურნაში გადაყაროთ და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სასაფლაოზე. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომ ღვინოს ვსვამთ და მიცვალებულებს მოვიხსენიებთ, ეს მისაღებია, თუმცა არა სიმთვრალე, ხორხოცი და ქეიფი. არ არის აუცილებელი, რომ მთელი დღე სასაფლაოზე გაატაროთ, 40-45 წუთი ამ პროცესისთვის სრულიად საკმარისია. სასურველია, საღამოს პერიოდამდე გახვიდეთ სასაფლაოზე, ყველაზე უვნებელი 4-5 საათამდე პერიოდია, როცა ჯერ კიდევ არის მზის ენერგია. ხშირად სასაფლაოზე მიაქვთ მოჭრილი ყვავილები, უმჯობესია მიიტანოთ ცოცხალი ყვავილი და ღია გრუნტში გადაიტანოთ. პირველი და უმთავრესია, არაფერი წამოიღოთ სასაფლაოდან, ნურაფერს ნუ დააზიანებთ და სასაფლაოზე მისვლისას ეცადეთ იქაურობა მოაწესრიგოთ. საფლავის ქვა აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ მტვრისგან. შეგიძლიათ დაანთოთ საკმეველი და სანთელი, რაც გარდაცვლილის სულთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. დასხედით სასაფლაოზე და ესაუბრეთ მათ. დაელოდეთ სანთლის ჩაწვას, საკმეველიც გადაასუფთავეთ, ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დატოვოთ ეს ადგილი. თუ ბავშვები მიგვყავს სასაფლაოზე მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება და მოვუწოდოთ, რომ იყვნენ სერიოზულები, მშვიდები. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ნუ მიიღებთ საკვებს სასაფლაოზე, თუ ამის აუცილებლობა არ არის.

-ძველი თაობისგან მსმენია, რომ საფლავიდან როცა მოდიხარ, ჯერ სადმე უნდა შეიარო და მერე უნდა მიხვიდე სახლში. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

-არა, ეს მნიშვნელოვანი არ არის. ის ენერგია თუ ცუდია, სხვაგანაც არ უნდა მივიტანოთ და არ უნდა დავტოვოთ. მიიჩნევა, რომ სახლში არ უნდა შევიტანოთ სასაფლაოს მიწა, რომელიც ფეხსაცმელებზე რჩება, მაგრამ ამ პერიოდში საფლავები იკურთხება, ხდება მათი განწმენდა, განსაკუთრებული მადლი ეშვება ზეციდან და აღდგომის პერიოდში მსგავსი მოქმედებები საფრთხის შემცველი არ არის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ყველაფერი ნორმის ფარგლებში გააკეთეთ და არანაირი საფრთხე არ იქნება. გარდა ამისა, თქვენ თქვენს გარდაცვლილ ახლობლებს და წინაპრებს შეგიძლიათ სთხოვოთ დაცვა და ჯანმრთელობა. (რიტუალი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში) თქვენი თხოვნა აუცილებლად იქნება შესმენილი. თუ ვინმე ავად არის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, წინაპრებს აქვთ იმის უნარი, რომ ამ ადამიანს დაეხმარონ და განკურნონ.

-ისაუბრეთ დიდი ხუთშაბათის მარილზე. თქვენს ცენტრში „ასპიროზა“ შესაძლებელია უკვე დამზადებული მარილის შეძენა?

-რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველ წელს ძალიან დიდი რაოდენობით ვამზადებთ ამ მარილს, რომ მთელი წლის მანძილზე მოვახმაროთ ჩვენთან მოსულ ადამიანებს, რომ უკეთ იგრძნონ თავი.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მერვე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები