ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები”ჯგუფ „ქუინთესენსის“ პროექტის იდეის ავტორი, პროდიუსერი ბუკა კარტოზია და პროექტის მენეჯერი ანკა უგულავა სტუმრობდნენ, რომლებმაც ისაუბრეს ჯგუფის სიახლეებზე და მოგვიტანეს ორი ახალი სიმღერა
პანდემიის გამო ბევრი დაგეგმილი კონცერტი და პროექტი გადაიდო, თქვენს შემთხვევაში რა ხდება?
ბუკა კარტოზია:
ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, დავპაუზდით და ყველაფერი გადაიდო სამომავლოდ. იყო დაგეგმილი ბევრი გასტროლი, დაახლოებით 30 კონცერტი. მაისში იგეგმება გერმანიაში წასვლა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ არ გადაიდება. ასევე გვაქვს სიახლეები, 7 იანვარს ტარდება საშობაო კონცერტზე „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, რომელიც მერიის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. 13 იანვარს იქნება ძველით ახალი წლის კონცერტი, ეს კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადმოიცემა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი კომპანია ამ პროექტში მონაწილეობს. ეს კონცერტები თბილისის მერიის ინიციატივით დაინიშნა, სამწუხაროდ მაყურებელს მხოლოდ ტელევიზიით ყურება შეეძლება. იმედი მაქვს, რომ ამდენ კარგ მუსიკოს ამით მაინც დავეხმარებით.
ძველი სიმღერების ახლებურ ვარიანტებს უნდა ველოდოთ თუ ახალ სიმღერებს?
ანკა უგულავა:
იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებიც. პრემიერებსაც ელოდება ჩვენი მაყურებელი, რასაც აუცილებლად მოისმენენ.
„ქუინთესენსს“ რა როლი აქვს ამ პროექტში?
ბუკა კარტოზია:
ვცდილობთ, რომ მომღერლების დუბლირება არ მოხდეს. ამიტომ ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ „ქუინთესენსს“ დიდი როლი აქვს პროექტში. ისინი დიდ როლს ჩემს ცხოვრებაში თამაშობენ.
როდის დაიბადა იდეა ვაჟა აზარაშვილის „ნოქტიურნის“, რომელიც ასე ლამაზად გააკეთეთ..
ბუკა კარტოზია:
ეს ნაწარმოები ბავშვობიდან მიყვარს და ვფიქრობდი თუ როგორ გავაკეთებდი არანჟირებას. პანდემიის პერიოდში დაღვინდა ყველა იდეა და შეიქმნა არანჟირებაც, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი საკვანძო ნომერი გამოვიდა „ქუინთესენსის“ რეპერტუარში.
ანკა უგულავა:
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულად შესასრულებელია ბუკას ნებისმიერი არანჟირება, გამოვიდა ძალიან კარგი. იმედია მსმენელიც შეიყვარებს.
და ბოლოს წინა საახალწლო საჩუქარი რადიო „არ დაიდარდოს“, სიმღერის პრემიერა
ბუკა კარტოზია:
იმდენად ცოტაა ახალ წელზე ქართული სიმღერები, რომ გამახსენდა ფანტასტიური კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას ძველი სიმღერა. მახსოვს თოვლის ბებოს ზღაპრის ერთ ფრაგმენტშიც იყო. მინდოდა გაგვეცოცხლებინა ეს მუსიკა, თანამედროვე სული ჩავბერეთ და მგონი გამოვიდა. მინდა ნათია ოქროაშვილის სახელი და გვარი მსმენელმა დაიმახსოვროს, რადგან ეს ადამიანი გააგრძელებს იმას, რასაც ქართული პოლიფონიური მუსიკა ჰქვია. უნიჭიერესი გოგოა და ჩემი მარჯვენა ხელი.
ანკა უგულავა:
ბუკას პანდემიის პერიოდში ბევრი დრო ჰქონდა ამ ყველაფრის განსახორციელებლად, არვიცი როგორ უნდა ვთქვა, თუმცა პანდემია ჩვენზე სასიკეთოდ მოქმედებს.
Quintessence – ახალი წელი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
Quintessence – ბუკა კარტოზია & ანკა უგულავა. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები