ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში აცხადებენ, თუ ამ დრომდე „ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“.
ამ ინიციატივის ავტორი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურია.
„ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ხუბაევის განცხადებაში.