საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტიდან მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და უკვე, ჩანს, რომ საკმარისი საფუძველი იქნება, მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკური სქემის მოშლა საქართველოში“.
ამის შესახებ განცხადება შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ გააკეთა.
„ეს არანაირი სიახლე არ არის არავისთვის. ეს არის ჩვენი საარჩევნო დაპირება. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს დღეები და ბოლო რამდენიმე კვირა რასაც ვაკეთებთ, რაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ჩამოყალიბდა, არის ის, რომ სკრუპულოზურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ჩვენს საარჩევნო დანაპირებს. ანუ, ვაკეთებთ იმას, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობამ მოგვცა მანდატი, 1 120 000-მა მოქალაქემ მოგვცა მანდატი ზუსტად ამისთვის, რომ შეგვექმნა კომისია და გვენახა, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რათა ერთხელ და საბოლოოდ, ეს კრიმინალური, მოღალატეობრივი ორგანიზაცია დასრულდეს საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.