LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ტელეკომპანია ”პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციისთვის სასამართლოს სარჩელით მიმართა

110
FORTUNA.GE-

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა – გელა კვაშილავამ ტელეკომპანია “პირველის” მიერ, მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

შსს-ს ინფორმაციით, გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” მიერ მის მიმართ გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში, რაც მიზნად ისახავდა მისი, როგორც პოლიციელის და სამინისტროს დისკრედიტაციას.

კვაშილავა ამბობს, რომ იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად და მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას:

“როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის. სასამართლოს მივმართე სარჩელით და ტელეკომპანია “პირველისგან” მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და
ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს”. – განაცხადა კვაშილავამ​.

მის ინტერესებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე იცავს.

კერესელიძის განცხადებით, სამინისტრო თითოეული პოლიციელის უფლებებს სამართლებრივად დაიცავს:

“სარჩელი გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება”. – განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 30 იანვარს ტელეკომპანია “პირველმა” სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი.

შსს-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აუხსნა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა.

magti 5g